გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

ნუცა ტყეშელაშვილი11 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
 Alphabet აზიასა და სინგაპურში ვალუტებში ობლიგაციების პირველ გამოშვებას გეგმავს

Alphabet ჰონგ-კონგისა და სინგაპურის დოლარში დენომინირებული ობლიგაციების პირველი გამოშვებით დაახლოებით $3 მილიარდის ეკვივალენტის მოზიდვას გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, საკითხთან დაახლოებული ორი წყაროს ცნობით, კომპანიას სურს შეაფასოს აზიელი ინვესტორების მოთხოვნა მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულმა შიშებმა გლობალურ ბაზრებზე აქციების გაყიდვების ტალღა გამოიწვია.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, გამოშვებით მოზიდული თანხა, სავარაუდოდ, მინიმუმ $2.2 მილიარდს მიაღწევს. Alphabet განიხილავს ჰონგ-კონგის დოლარში დენომინირებული ობლიგაციების მინიმუმ 8 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარის (დაახლოებით $1 მილიარდი) მოცულობით, ხოლო სინგაპურის დოლარში დენომინირებული ობლიგაციების — მინიმუმ 1.5 მილიარდი სინგაპურული დოლარის (დაახლოებით $1.2 მილიარდი) მოცულობით გამოშვებას.

გამოშვების საბოლოო მოცულობა, დრო და საპროცენტო პირობები ჯერ განსაზღვრული არ არის. საკითხის კონფიდენციალურობის გამო წყაროებმა ვინაობის გამხელაზე უარი განაცხადეს.

Reuters-ის მიერ ოთხშაბათს ნანახი პირობების დოკუმენტის თანახმად, Alphabet-მა ემისიის გლობალურ კოორდინატორებად HSBC და JPMorgan დანიშნა. ჰონგ-კონგის დოლარში ობლიგაციების გამოშვებაზე ასევე იმუშავებენ Bank of China (Hong Kong), ICBC (Asia) და Standard Chartered, ხოლო სინგაპურის დოლარის ნაწილში — DBS, OCBC და UOB.

დოკუმენტის მიხედვით, ჰონგ-კონგის დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს შესაძლოა ორი, ხუთი და ათი წლის ვადიანობა ჰქონდეს. სინგაპურის დოლარში გამოშვებისთვის კი განიხილება ორი, ხუთი, ათი და 30-წლიანი ვადიანობები.

AI ინფრასტრუქტურა კომპანიის სესხების ზრდას განაპირობებს

ობლიგაციების ახალი გამოშვება Alphabet-ის მიერ მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზრიდან მოზიდულ თანხებს კიდევ უფრო გაზრდის. კომპანია მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს აფართოებს, რაც დაფინანსების მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს.

Alphabet-ის მიერ 29 ოქტომბერს წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სექტემბრის ბოლოს დასრულებული ცხრა თვის განმავლობაში კომპანიამ ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის $45 მილიარდის ღირებულების აშშ დოლარში დენომინირებული და $35.8 მილიარდის უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციები გამოუშვა.

გასულ კვირას კომპანიამ ევროში დენომინირებული ობლიგაციების გაყიდვით დამატებით 6 მილიარდი ევრო (დაახლოებით $6.7 მილიარდი) მოიზიდა. აგვისტოში კი Alphabet-მა $25 მილიარდის აშშ დოლარის ობლიგაციები და 5.5 მილიარდი ავსტრალიური დოლარის (დაახლოებით $3.8 მილიარდი) ობლიგაციები გამოუშვა.

ვალის ბაზარს სხვა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებიც აქტიურად იყენებენ. გასულ კვირას Meta-მ $15 მილიარდის აშშ დოლარის ობლიგაციების გამოშვება დაასრულა, Oracle-მა კი $10 მილიარდის ობლიგაციები გაყიდა.

Alphabet-ის მიერ აზიურ ვალუტებში დაგეგმილი ემისია ტექნოლოგიური გიგანტების დაფინანსების სტრატეგიის გაფართოებაზე მიუთითებს — კომპანიები AI ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჭირო კაპიტალს არა მხოლოდ საკუთარი შემოსავლებითა და აშშ-ის ბაზარზე გამოშვებული ობლიგაციებით, არამედ საერთაშორისო ვალის ბაზრებიდანაც იზიდავენ.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო11 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები გაიზარდა - STOXX 600 რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა

ევროპული ბაზრების ზრდას ხელი შეუწყო კორპორაციული მოგების ძლიერმა სეზონმა და AI სექტორზე მოთხოვნის შენარჩუნების ნიშნებმა. ამასთან, ინვესტორები აშშ-ში ინფლაციის ზრდისა და Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების უფრო მკვეთრი მატების შესაძლებლობას აფასებენ.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ცენტრალური ბანკი განაკვეთის 0.5 პუნქტით გაზრდას განიხილავს

აშშ-ში ოქტომბრის ინფლაცია პროგნოზზე მაღალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ცენტრალურ ბანკში საპროცენტო განაკვეთის უფრო მკვეთრად გაზრდაზე დაიწყეს საუბარი.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო11 ნოე. 20261 წთ კითხვა

Nexperia ჩინურ ბიზნესთან გაერთიანებას ისევ განიხილავს

ნიდერლანდური ჩიპების მწარმოებელი Nexperia ჩინურ ბიზნესთან კვლავ გაერთიანებას განიხილავს. კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, შეთანხმება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე უკვე ერთ წელზე მეტია ცალ-ცალკე მუშაობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე