აშშ-მ Microsoft-ისა და სხვა მსხვილი კომპანიების მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა

აშშ-ის მთავრობამ Microsoft-ის, Adobe-ისა და რამდენიმე მსხვილი საკონსულტაციო კომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის წარდგენილი მწვანე ბარათის განაცხადების განხილვა შეაჩერა. გადაწყვეტილება ეხება Cognizant-ს, Infosys-ს, Tata Consultancy Services-ს, Wipro-ს, HCL-სა და Capgemini-საც.
შეზღუდვა როგორც ახალ, ისე განხილვის პროცესში არსებულ განაცხადებზე გავრცელდება. საუბარია PERM-ის პროგრამაზე, რომლის გავლაც დამსაქმებელს უმეტეს შემთხვევაში სჭირდება, თუ უცხოელი თანამშრომლისთვის მუდმივი ბინადრობის უფლების მიღება სურს. კომპანიამ უნდა დაასაბუთოს, რომ ასეთი თანამშრომლის დაქირავება ამერიკელთა ხელფასებსა და სამუშაო შესაძლებლობებს არ აზიანებს.
ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Microsoft პროგრამის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Microsoft-მა გასულ წელს აშშ-ში 6,000 სამუშაო ადგილი გააუქმა, ამავე დროს კი ათასობით საიმიგრაციო განაცხადი წარადგინა. Microsoft-ის პასუხით, H-1B განაცხადების 80% მოქმედი თანამშრომლების სტატუსის გაგრძელებას ან შეცვლას ეხებოდა და არა ახალი კადრების მიღებას. შეზღუდვას ვადა არ აქვს და ძალაში დარჩება, სანამ ხელისუფლება კომპანიების პრაქტიკის შეცვლას არ დაინახავს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






