აშშ მსოფლიო ბანკისგან ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსების აღდგენას ითხოვს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტს სურს, მსოფლიო ბანკმა ნავთობისა და გაზის პროექტების დაფინანსებაზე არსებული შეზღუდვები მოხსნას. მისი განცხადებით, ბანკმა ენერგეტიკული პროექტები წინასწარ არ უნდა გამორიცხოს და თითოეული მათგანი ეკონომიკური სარგებლისა და საჭიროების მიხედვით უნდა შეაფასოს.
ვაშინგტონი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიო ბანკის ახალ ფონდშიც, რომელიც ქვეყნებს ატომური ენერგეტიკის პროექტების მომზადებაში დაეხმარება. ბესენტი ასევე ითხოვს, ბანკმა მეტი თანხა გამოყოს კრიტიკული მინერალების მოპოვებისა და გადამუშავებისთვის. საუბარია მათ შორის ზღვის ფსკერზე არსებული მინერალების ათვისებაზეც, სადაც მსოფლიო ბანკს დაფინანსებასთან ერთად საკონსულტაციო როლიც შეიძლება ჰქონდეს.
აშშ ცვლილებებს სხვა მიმართულებითაც ითხოვს. ვაშინგტონს სურს, მსოფლიო ბანკმა ჩინეთისა და პოლონეთის მსგავსი შედარებით მდიდარი ქვეყნებისთვის შეღავათიანი სესხები უფრო სწრაფად შეზღუდოს.
ბესენტის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იმ პრობლემებს, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიებსა და ქვეყნების სავალუტო პოლიტიკას უკავშირდება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






