გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ჩინეთი აშშ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფებს შეამცირებს, თუმცა სოიო გამონაკლისია

ნუცა ტყეშელაშვილი28 სექტემბერი, 20265 წთ კითხვა
ჩინეთი აშშ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფებს შეამცირებს, თუმცა სოიო გამონაკლისია

ჩინეთი აშშ-ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფართო სპექტრზე, მათ შორის სიმინდზე, ხორბალზე, ხორცსა და რძის პროდუქტებზე, საბაჟო ტარიფების შემცირებას გეგმავს. თუმცა, ჩინეთის კომერციის სამინისტროსა და თეთრი სახლის მიერ ერთობლივად გამოქვეყნებულ სიაში სოიო, რომელიც ჩინეთისთვის აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია, არ მოხვდა.

ბაზრის მონაწილეები ჩინეთის მხრიდან ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემცირების შესახებ ინფორმაციას გასულ კვირას ვაშინგტონში სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის შემდეგ ელოდნენ.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ტარიფების შემცირება 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საპასუხო სატარიფო შეღავათების პაკეტის ნაწილია. პაკეტი სავაჭრო საბჭოს მოლაპარაკებების შედეგად მომზადდა და ორშაბათს პირველად გამოქვეყნდა.

სიაში შედის სორგო, მცენარეული ზეთები და მათი გადამუშავების პროდუქტები, მათ შორის სოიოს ზეთი და სოიოს შროტი, ასევე ხორცი, რძის პროდუქტები და სხვა საქონელი. თუმცა, დოკუმენტში არ არის მითითებული, როდის ამოქმედდება ტარიფების შემცირება.

ჩინეთის კომერციის სამინისტროს განცხადებით, სიაში შეტანილი პროდუქციის 90%-ზე მეტი გათავისუფლდება ორ ქვეყანას შორის დაწესებული ყველა დამატებითი ტარიფისგან და მათზე გავრცელდება უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის საბაჟო განაკვეთები.

სოიოზე კი აშშ-ის დამატებითი 10%-იანი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება. ტრეიდერების შეფასებით, ეს განაკვეთი კერძო გადამამუშავებელი კომპანიებისთვის ზედმეტად მაღალია და მათ ხარჯების სრულად ათვისება უჭირთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სახელმწიფო მყიდველებმა შესყიდვები გაზარდეს.

Hutong Research-ის დამფუძნებლისა და პარტნიორის, ფენგ ჩუჩენგის განცხადებით, სოიო სავაჭრო თვალსაზრისით მგრძნობიარე პროდუქტად არ ითვლება, თუმცა ჩინეთის მიერ მისი შესყიდვების საკითხს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მისი შეფასებით, სოიოს ცალკე სატარიფო რეჟიმში დატოვება პეკინს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში დამატებით ბერკეტს აძლევს, განსაკუთრებით აშშ-ის შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე.

ჩინეთის სახელმწიფო კომპანიებმა Sinograin-მა და COFCO-მ აშშ-დან 12 მილიონ ტონაზე მეტი სოიო შეიძინეს. ეს თითქმის ნახევარია იმ 25 მილიონი ტონისა, რომლის ყოველწლიურად შესყიდვასაც, თეთრი სახლის განცხადებით, ჩინეთი 2028 წლამდე დათანხმდა.

Reuters-ის გამოთვლებით, ორშაბათს გამოქვეყნებულ სიაში შემავალი სასოფლო-სამეურნეო და მასთან დაკავშირებული პროდუქციის სავაჭრო მოცულობამ 2024 წელს დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით ემთხვევა ჩინეთის მიერ გამოცხადებულ შესყიდვების ვალდებულებას, სოიოს გამოკლებით.

მაისში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პეკინი ამ მოცულობის პროდუქციის ყოველწლიურად შესყიდვას 2028 წლამდე დათანხმდა. თუმცა ჩინეთს ასეთი შესყიდვების კონკრეტული სამიზნე მოცულობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.

საერთაშორისო კომპანიის აზიაში მომუშავე ტრეიდერის, რომელიც ჩინეთში სოიოს ყიდის, განცხადებით, ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები აშშ-ის სოიოს შესყიდვებს გააგრძელებენ, ხოლო სხვა პროდუქციაზე ტარიფების შემცირება ქვეყანას 17 მილიარდი დოლარის ვალდებულების შესრულებაში დაეხმარება. ტრეიდერმა ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ტრეიდერების შეფასებით, ტარიფების არარსებობის შემთხვევაში, აშშ-დან და ბრაზილიიდან იმპორტირებული სოიოს საბოლოო ღირებულება ტონაზე დაახლოებით 595 დოლარი იქნებოდა. თუმცა, ჩინელი მყიდველები, როგორც წესი, ბრაზილიურ სოიოს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან ის ზეთისა და ცილის უფრო მაღალი შემცველობით გამოირჩევა. არსებული ფასების პირობებში ჩინეთის კერძო გადამამუშავებელი კომპანიები ზარალზე მუშაობენ.

ჩიკაგოს სავაჭრო ბირჟაზე (CBOT) სოიოს ყველაზე აქტიური ფიუჩერსული კონტრაქტი GMT-ის დროით 07:09 საათისთვის 1.38%-ით იყო შემცირებული და ბუშელზე 13.75 დოლარს შეადგენდა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო13 ნოე. 20263 წთ კითხვა

Mizuho-მ კიბერუსაფრთხოების სექტორის ხუთი ყველაზე პერსპექტიული აქცია დაასახელა

საინვესტიციო ბანკის ანალიტიკოსები განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნას მონაცემთა მართვის, Zero Trust უსაფრთხოებისა და კიბერშეტევებისგან აღდგენის ტექნოლოგიებზე ხედავენ. რეიტინგის სათავეში Snowflake მოხვდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
AI ტექნოლოგია12 ნოე. 20262 წთ კითხვა

Goldman Sachs: AI-ზე დანახარჯები 2027 წლის ბოლოსთვის $1.4 ტრილიონს მიაღწევს

საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი 2027 წელს აშშ-ში ბიზნესინვესტიციების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იქნება. AI-სთან დაკავშირებული ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის თითქმის 4%-ის ეკვივალენტური გახდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო12 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროპის საფონდო ბირჟები რეკორდულ ნიშნულზე ავიდა - ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნამ ზრდა ვერ შეაჩერა

STOXX 600-ის ინდექსი 0.4%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ევროპულ ბაზრებს კორპორაციული ანგარიშგების ძლიერი სეზონი და ტექნოლოგიურ გიგანტებზე შედარებით დაბალი დამოკიდებულება დაეხმარა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე