გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

ნუცა ტყეშელაშვილი6 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა 4 ნოემბრის ჩათვლით ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების წმინდა შემოდინება დააფიქსირეს. მოთხოვნას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ წამყვანმა ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები უცვლელად დატოვეს, ხოლო ნავთობის ფასები შემცირდა. ამასთან, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში მზარდი ინვესტიციების ხარჯებთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე აშშ-ისა და აზიის მსხვილი ბაზრები დაეცა.

LSEG Lipper-ის მონაცემებით, საანგარიშო კვირაში გლობალური აქციების ფონდებში წმინდა შემოდინებამ $38.63 მილიარდი შეადგინა. ეს 23 სექტემბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია.

გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა (ECB) მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები უცვლელად დატოვეს. ამასთან, ECB-მ დეკემბერში განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდის შესაძლებლობაზეც მიანიშნა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე დიდი შემოდინება ევროპულმა აქციების ფონდებმა მიიღეს — $13.25 მილიარდი, რაც 12 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აშშ-ის ფონდებში $14.81 მილიარდი, ხოლო აზიის აქციების ფონდებში $8.34 მილიარდი ჩაიდო.

ევროპული აქტივების მიმართ ინტერესის ზრდას ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების კლება დაეხმარა. ირანის ომის დაწყების შემდეგ ენერგორესურსების გაძვირება ევროპაში ინფლაციურ ზეწოლას ზრდიდა, ხოლო მათი გაიაფება ინვესტორებისთვის გარკვეულ შვებად იქცა. Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები მიმდინარე კვირაში დაახლოებით 15.6%-ით შემცირდა.

ამის ფონზე, ევროპის STOXX 600 ინდექსი მიმდინარე კვირაში 0.05%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, MSCI All Country World Index 2.91%-ით, ხოლო MSCI All Country ex-Japan Asia Pacific Index 4.69%-ით დაეცა.

სექტორების მიხედვით, ტექნოლოგიურ ფონდებში ინვესტიციების შემოდინება ბოლო სამი კვირის მინიმუმამდე შემცირდა და $623.61 მილიონი შეადგინა. ამის საპირისპიროდ, ჯანდაცვისა და ფინანსური სექტორების ფონდებმა მნიშვნელოვანი კაპიტალი მოიზიდეს — შესაბამისად, $1.33 მილიარდი და $1.2 მილიარდი.

დადებითი დინამიკა დაფიქსირდა ობლიგაციების ბაზარზეც. გლობალურმა ობლიგაციების ფონდებმა $9.91 მილიარდის წმინდა შემოდინება მიიღეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფო ობლიგაციების ფონდებში $3.07 მილიარდი ჩაიდო — ბოლო ოთხი კვირის მაქსიმუმი. მაღალი შემოსავლიანობის, ევროში დენომინირებულმა და მოკლევადიანმა ობლიგაციების ფონდებმა კი, შესაბამისად, $2.02 მილიარდი, $2 მილიარდი და $1.52 მილიარდი მოიზიდეს.

განსაკუთრებით დიდი შემოდინება დაფიქსირდა ფულის ბაზრის ფონდებში, რომლებმაც $172.71 მილიარდი მიიღეს. ეს 2020 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ ინვესტორების ნაწილი კვლავ უპირატესობას შედარებით ლიკვიდურ და დაბალი რისკის მქონე აქტივებს ანიჭებს.

სასაქონლო ფონდებში ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მიმართულებით $269.79 მილიონი ჩაიდო, რითაც ნაწილობრივ კომპენსირდა წინა კვირის $1.54-მილიარდიანი გადინება. ენერგეტიკულმა ფონდებმა კი ზედიზედ მესამე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს — ამჯერად $327.31 მილიონი.

განვითარებადი ბაზრების აქციების ფონდებში წმინდა შემოდინებამ $1.91 მილიარდი შეადგინა, რაც ზედიზედ მეხუთე კვირაა დადებით მაჩვენებელს აფიქსირებს. თუმცა, ამავე ბაზრების ობლიგაციების ფონდებიდან $299.07 მილიონი გავიდა.

მონაცემები 29,229 საინვესტიციო ფონდს მოიცავს და აჩვენებს, რომ მიუხედავად ტექნოლოგიურ სექტორში ინვესტორების სიფრთხილისა და აშშ-ისა და აზიის ბაზრებზე ვარდნისა, გლობალური კაპიტალის ნაკადები კვლავ დადებითი რჩება. ამასთან, ევროპული აქციებისა და შედარებით უსაფრთხო აქტივების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი6 ნოე. 20263 წთ კითხვა

Airbnb-ის შემოსავალი 19%-ით გაიზარდა - აქციები პრე-მარკეტზე 10%-ზე მეტით გაძვირდა

Airbnb-მ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 19%-ით, $4.87 მილიარდამდე გაზარდა, ხოლო მოგებამ ერთ აქციაზე ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა. ძლიერი მოგზაურობის მოთხოვნისა და AI-ის გამოყენებით ხარჯების შემცირების ფონზე კომპანიამ წლიური პროგნოზი გააუმჯობესა, რის შემდეგაც მისი აქციები პრე-მარკეტზე 10%-ზე მეტით გაიზარდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე