გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა - ბოლო ზრდამ შემდგომი პოტენციალი შეზღუდა

ნუცა ტყეშელაშვილი16 ოქტომბერი, 20262 წთ კითხვა
Goldman Sachs-მა GVS-ის აქციების რეკომენდაცია შეამცირა - ბოლო ზრდამ შემდგომი პოტენციალი შეზღუდა

Goldman Sachs-მა იტალიური სამრეწველო ტექნოლოგიებისა და ფილტრაციის სისტემების მწარმოებელი GVS-ის აქციების რეკომენდაცია „ყიდვიდან“ „ნეიტრალურამდე“ შეამცირა. გადაწყვეტილების მიზეზი აქციების სწრაფი გაძვირებაა, რომელმაც ანალიტიკოსების სამიზნე ფასამდე დარჩენილი ზრდის პოტენციალი შეამცირა. პარასკევს კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით დაეცა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში GVS-ის აქციები 14.9%-ით გაიზარდა, რაც სექტორში საუკეთესო შედეგი იყო. Goldman Sachs-ის 12-თვიანი სამიზნე ფასი უცვლელად, 6 ევროზე დარჩა, რაც მიმდინარე ფასიდან დაახლოებით 13%-იან ზრდის პოტენციალს გულისხმობს. ეს მაჩვენებელი ბანკის მიერ სექტორში დაფარული კომპანიებისთვის შეფასებულ საშუალო პოტენციალს შეესაბამება.

აქციების ზრდას ხელი შეუწყო კომპანიის 2026-2028 წლების ბიზნესგეგმამ. GVS ორგანული გაყიდვების საშუალო ერთნიშნა პროცენტული ზრდას და 2028 წლისთვის EBITDA-ის მინიმუმ 27%-იან მარჟას ისახავს მიზნად. EBITDA კომპანიის მოგების მაჩვენებელია პროცენტების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე.

ბიზნესგეგმის გამოქვეყნების შემდეგ ანალიტიკოსებმა 2028 წლისთვის კორექტირებული EBITDA-ის პროგნოზები მცირედით გაზარდეს. LSEG-ის კონსენსუსური მონაცემებით, შეფასებები კომპანიის ახალ მიზნებს შეესაბამება. Goldman Sachs-ის საკუთარი პროგნოზები კი ბაზრის საშუალო მოლოდინებს მხოლოდ 1-2%-ით აღემატება.

ბანკის შეფასებით, მოსალოდნელი ზრდისა და მომგებიანობის გაუმჯობესების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ასახულია აქციების ფასში. შესაბამისად, შემდგომი მნიშვნელოვანი გაძვირებისთვის კომპანიას, სავარაუდოდ, საკუთარი ფინანსური მიზნების კიდევ უფრო გაუმჯობესება დასჭირდება. Goldman Sachs ამას უახლოეს პერიოდში ნაკლებად მოელის, რადგან ბიზნესგეგმა სულ ახლახან გამოცხადდა.

GVS-ის აქციები მიმდინარე წელს ჯამურად 38%-ით არის გაძვირებული. ამჟამად კომპანიის ღირებულება მომდევნო 12 თვის მოსალოდნელ საოპერაციო მოგებასთან შედარებით 15.6-ჯერ ფასდება, მაშინ როდესაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელი 14.7-ჯერ იყო. ეს მიუთითებს, რომ აქციები ისტორიულ საშუალო შეფასებასთან შედარებით უფრო ძვირად ივაჭრება.

2026 წლის 24 სექტემბერს GVS-მა 2026 ფისკალური წლის პროგნოზიც გაზარდა: ვალუტის კურსის ცვლილების გავლენის გამორიცხვით, კომპანია ახლა გაყიდვების საშუალო ერთნიშნა პროცენტულ ზრდას ელის, მაშინ როდესაც მანამდე დაბალ ერთნიშნა ზრდას პროგნოზირებდა. 2025 ფისკალურ წელს ორგანული გაყიდვები 1.7%-ით შემცირდა, თუმცა 2026 წლის პირველ ნახევარში ზრდა აღდგა.

Goldman Sachs-მა GVS-ის აქციებს „ყიდვის“ რეკომენდაცია 2025 წლის 23 სექტემბერს მიანიჭა, როდესაც ისინი საოპერაციო მოგებასთან შედარებით 12-ჯერ ფასდებოდა — სამწლიანი საშუალო მაჩვენებლის 18%-იანი დისკონტით. მას შემდეგ, რაც აქციები ბანკის რეკომენდებული შესყიდვების სიაში მოხვდა, მათი ფასი 7.8%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, FTSE World Europe-ის ინდექსი 2026 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით 15.2%-ით იყო მომატებული.

მიუხედავად რეკომენდაციის შემცირებისა, Goldman Sachs კომპანიის გრძელვადიან შესაძლებლობებს სრულად არ გამორიცხავს. GVS გეგმავს საკუთარი ტექნოლოგიური კომპეტენციების გამოყენებას ახალ, მომიჯნავე ბაზრებზე, მათ შორის ჰუმანოიდი რობოტების მიმართულებით. კომპანია ასევე მუშაობს წყალბადისთვის განკუთვნილ მემბრანულ პროდუქტზე, რომლის პირველი გაყიდვებიც 2027 წელს არის მოსალოდნელი.

თუმცა, ბანკის შეფასებით, ამ პროექტების შესაძლო ფინანსური სარგებლის განსაზღვრა ჯერ რთულია, რადგან გაურკვეველია, როდის გამოვა პროდუქტები ბაზარზე და რამდენად დიდი იქნება მათზე მოთხოვნა. Goldman Sachs უფრო დადებით პოზიციას მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის შესრულების კონკრეტული შედეგები გამოჩნდება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Morgan Stanley-მ National Grid ევროპის მსხვილ ენერგოკომპანიებს შორის 2027 წლის ფავორიტად დაასახელა

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, კომუნალური მომსახურების სექტორი ბაზარზე უკეთეს შედეგებს კვლავ აჩვენებს. ზრდის მთავარ წყაროებად ენერგეტიკული უსაფრთხოება, ელექტრიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო ენერგიის მზარდი მოთხოვნა სახელდება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო10 ნოე. 20261 წთ კითხვა

Honda-მ წლიური მოგების პროგნოზი გაზარდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა საოპერაციო მოგების პროგნოზი 20%-ით, წმინდა მოგების კი 25%-ით გაზარდა. მიუხედავად ამისა, მეორე კვარტალში კომპანიის მოგება მკვეთრად შემცირდა ელექტრომობილების ბიზნესის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების გამო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
ანალიზი10 ნოე. 20262 წთ კითხვა

Porsche SE-მ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში €2.8 მილიარდის ზარალი დააფიქსირა

Volkswagen-ის მაკონტროლებელი ჰოლდინგის ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ზარალის მთავარი მიზეზი Volkswagen-ში წილის საბალანსო ღირებულების არანაღდი გაუფასურება გახდა, თუმცა კომპანიის მცირე საინვესტიციო პორტფელმა დადებითი შედეგი აჩვენა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე