გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა

ნუცა ტყეშელაშვილი26 ოქტომბერი, 20262 წთ კითხვა
კორპორაციული ანგარიშების სეზონი გრძელდება - ინვესტორების ყურადღება ტექნოლოგიურ გიგანტებზეა

მიმდინარე კვირაში აშშ-ის საფონდო ბაზრისთვის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კორპორაციული ფინანსური ანგარიშების გამოქვეყნება იქნება. შედეგებს S&P 500-ის ინდექსში შემავალი კომპანიების დაახლოებით მესამედი წარადგენს, რაც ინვესტორებს ამერიკული ბიზნესის მდგომარეობის უკეთ შეფასების შესაძლებლობას მისცემს.

ჯერჯერობით, ინდექსში შემავალი კომპანიების დაახლოებით მეოთხედმა გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები. Vital Knowledge-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ანგარიშები ამ ეტაპზე საკმაოდ დამაიმედებელია, რასაც მომხმარებელთა მდგრადი მოთხოვნა, ხარჯების კონტროლი და ფასების ზრდა განაპირობებს.

თუმცა კომპანიების ფინანსური მდგრადობა მნიშვნელოვან გამოცდას გაივლის, როდესაც უახლოეს დღეებში შედეგებს ტექნოლოგიური გიგანტები — Microsoft, Alphabet და Amazon — გამოაქვეყნებენ. სამივე კომპანია ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მასშტაბურ ინვესტიციებს გეგმავს, მათ შორის მონაცემთა ცენტრებისა და სპეციალიზებული ჩიპების მიმართულებით.

AI-ის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის კონკურენციას აძლიერებს. ამასთან, ინვესტორები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ასეთი ინვესტიციების დაფინანსების ხარჯებსა და მათ შესაძლო უკუგებას. ბოლო პერიოდში შეშფოთება გაამძაფრა AI-პროექტების დასაფინანსებლად მზარდმა ვალმა და სესხების გაძვირებულმა ღირებულებამ, რის ფონზეც ტექნოლოგიური აქციები გასულ კვირას მკვეთრად დაეცა.

Capital Economics-ის უფროსი საბაზრო ეკონომისტის, ჯეიმს რეილის, შეფასებით, ბოლო დღეებში ტექნოლოგიური აქციების ვარდნის მიუხედავად, S&P 500-ის კომპანიების უმეტესობამ შედარებით კარგად გაუძლო ზეწოლას. ამას ხელი შეუწყო აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების სარგებლის შემცირებამაც, რაც, როგორც წესი, აქციების შეფასებებზე დადებითად მოქმედებს.

თუმცა რეილი აფრთხილებს ინვესტორებს, რომ AI-სთან დაკავშირებული შეშფოთების გაძლიერების შემთხვევაში შესაძლოა ერთდროულად დაეცეს როგორც ტექნოლოგიური, ისე სხვა სექტორების აქციები და გაიზარდოს სახაზინო ობლიგაციების სარგებელიც.

შესაბამისად, Microsoft-ის, Alphabet-ისა და Amazon-ის ანგარიშები მხოლოდ ამ კომპანიების ფინანსურ შედეგებს არ შეეხება. ინვესტორები განსაკუთრებით დააკვირდებიან, რამდენად ამართლებს AI-ში გაწეული მასშტაბური ხარჯები და როგორ აისახება ეს ინვესტიციები კომპანიების შემოსავლებსა და სამომავლო ზრდის პერსპექტივაზე.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე