გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Microsoft-მა 2.8-ტრილიონპარამეტრიანი AI მოდელის წინასწარი სწავლება დაასრულა

ნუცა ტყეშელაშვილი15 ოქტომბერი, 20262 წთ კითხვა
Microsoft-მა 2.8-ტრილიონპარამეტრიანი AI მოდელის წინასწარი სწავლება დაასრულა

Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის, MAI-Base-2-ის, წინასწარი სწავლება დაასრულა. კომპანიის განცხადებით, მოდელმა ტესტირებისას ყველა შემოწმებულ ღია წონების მქონე მოდელს აჯობა, ხოლო კონკურენტ მოდელთან შესადარებელი შედეგების მისაღწევად მას 12-ჯერ ნაკლები გამოთვლითი რესურსი დასჭირდა.

MAI-Base-2-ის საერთო მოცულობა 2.8 ტრილიონ პარამეტრს შეადგენს, თუმცა თითოეული ამოცანის შესრულებისას მოდელი მათგან მხოლოდ 80 მილიარდს ააქტიურებს. ეს მიდგომა, რომელიც Mixture-of-Experts არქიტექტურის სახელით არის ცნობილი, გამოთვლითი რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას უწყობს ხელს.

Microsoft-ის ინფორმაციით, ოთხი სხვადასხვა შეფასების მიხედვით, MAI-Base-2-ის სწავლების პროცესი DeepSeek-V4-Pro-Base-თან შედარებით 4.2-დან 12.3-ჯერ უფრო ეფექტიანი იყო გამოთვლითი რესურსების გამოყენების თვალსაზრისით. ამასთან, წინა მოდელთან, MAI-Base-1-თან შედარებით, სწავლების მეთოდოლოგიის ეფექტიანობა 6.3-დან 12.7-ჯერ გაიზარდა.

მოდელის სწავლებისთვის Microsoft-მა აგვისტოსა და სექტემბერში 38 დღის განმავლობაში 16,000 Nvidia GB200 გრაფიკული პროცესორი გამოიყენა. სწავლებისას გამოყენებული მონაცემები დაახლოებით 50 ტრილიონ ტოკენს მოიცავდა. უნიკალური ტოკენების რაოდენობა ივნისში გამოშვებულ MAI-Base-1-თან შედარებით დაახლოებით 36%-ით გაიზარდა.

კომპანიის განცხადებით, მოდელი ორიგინალურ მონაცემებზე გაწვრთნეს და არა სხვა ხელოვნური ინტელექტის სისტემებიდან ცოდნის გადატანის, ე.წ. distillation-ის მეთოდით. Microsoft-ისთვის ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რადგან კომპანია მომავალში მოდელის წონების ლიცენზირებას სანდო პარტნიორებისთვის Azure AI Foundry-ის მეშვეობით განიხილავს.

შედეგების გაუმჯობესებას Microsoft მონაცემთა ხარისხის, მოდელის არქიტექტურისა და სწავლების ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირებს. ახალი მოდელის სწავლების პროცესში კომპანიამ ვიზუალური მონაცემებიც თავიდანვე ჩართო — სურათებთან დაკავშირებული მასალა სასწავლო მონაცემების დაახლოებით 18%-ს შეადგენდა.

MAI-Base-2-ის გამოშვება Microsoft-ის სტრატეგიის კიდევ ერთი ნაბიჯია, რომლის მიზანიც საკუთარი მოწინავე AI მოდელების შექმნა და გარე მომწოდებლებზე დამოკიდებულების შემცირებაა. კომპანია საკუთარ მოდელებს პროდუქტებსა და კორპორაციულ მომხმარებლებთან ინტეგრირებისთვის ავითარებს.

ამ ეტაპზე Microsoft-ს MAI-Base-2-ის კომერციული ხელმისაწვდომობის თარიღი და ფასი არ დაუსახელებია. მოდელი ჯერ დამატებითი სწავლებისა და ოპტიმიზაციის ეტაპზეა, ხოლო კომპანია უკვე MAI-Base-3-ის განვითარებისთვისაც ემზადება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე