MSCI ინდონეზიის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს

MSCI ინდონეზიის საფონდო ბაზარზე არსებულ პრობლემებზე მიუთითებს და ქვეყნის გლობალური ინდექსებიდან გამორიცხვას განიხილავს. ორგანიზაციის ყურადღების ცენტრშია კომპანიების მფლობელების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია, შესაძლო შეთანხმებული ვაჭრობა და არსებული წესების არასათანადო დაცვა. ამის გამო ინვესტორებისთვის რთულია დაადგინონ, რეალურად რა რაოდენობის აქციებით შეიძლება თავისუფლად ვაჭრობა და რამდენად რეალურია მათი საბაზრო ფასი.
ინდონეზია MSCI-ის განვითარებადი ბაზრების ინდექსებში 1989 წლიდან შედის. თუ ქვეყანა ამ კატეგორიიდან გავა, მას ცალკე ბაზრის სტატუსი მიენიჭება. ამ ჯგუფში ამჟამად ლიბანი და ზიმბაბვეც შედიან. ბოლო წლებში მსგავსი გადაწყვეტილება MSCI-მ არგენტინისა და რუსეთის შემთხვევაშიც მიიღო.
MSCI-ის გაფრთხილებას ინდონეზიის საფონდო ბაზარზე მკვეთრი ვარდნა მოჰყვა. ადგილობრივი კომპანიების საერთო ღირებულება დაახლოებით 65 მილიარდი დოლარით შემცირდა, ჯაკარტის მთავარი ინდექსი კი 11.6%-ით დაეცა. ეს 1998 წლის აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა იყო.
MSCI საკითხის განხილვას 2027 წლის აპრილამდე გააგრძელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ივნისში გამოაცხადებს. მანამდე ინდონეზიას დრო აქვს, კომპანიების მფლობელობასთან და საფონდო ბაზრის კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვაროს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






