გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ნუცა ტყეშელაშვილი27 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ნავთობის ფასები პარასკევს ზედიზედ მეოთხე სავაჭრო სესიაზე გაიზარდა და სამკვირიანი კლების ტენდენციის შეწყვეტისკენ მიემართებოდა. ბაზარზე მიწოდების შესაძლო შეფერხების შესახებ შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში გახშირებულმა თავდასხმებმა გააძლიერა.

Brent-ის ფიუჩერსები 0.8%-ით, 73 ცენტით გაიზარდა და ბარელზე $97.30 შეადგინა. დღის განმავლობაში ფასმა 9 ნოემბრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულსაც მიაღწია. აშშ-ის West Texas Intermediate-ის (WTI) ფასი კი ბარელზე $85.85-მდე გაიზარდა, რაც ოთხშაბათის დახურვის მაჩვენებელზე $2.17-ით, ანუ 2.6%-ით მეტია. ხუთშაბათს აშშ-ში მადლიერების დღის გამო WTI-ის სავაჭრო სესიის ოფიციალური დახურვა არ ჩატარებულა.

ANZ-ის ანალიტიკოსების, ბრაიან მარტინისა და დანიელ ჰაინსის შეფასებით, Brent-ის ფასმა შესაძლოა ბარელზე $100-ს გადააჭარბოს ახლო აღმოსავლეთში ახალი მასშტაბური ესკალაციის გარეშეც. თუმცა, მათი აზრით, ამისთვის ბაზარს ნავთობის მიწოდების რეალური შეზღუდვის დამადასტურებელი ნიშნები დასჭირდება.

ბოლო კვირებში ნავთობი იაფდებოდა, რადგან ინვესტორები იმედოვნებდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შუალედური არჩევნების შემდეგ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ გააძლიერებდა. მიუხედავად ამისა, რეგიონში დაძაბულობა კვლავ მაღალია.

ირანი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ გემებზე თავდასხმებს აგრძელებს, რაც ნავთობის ექსპორტს აფერხებს. ამასთან, იემენის ჰუსიტურმა დაჯგუფებამ საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც მიიტანა იერიში.

SEB-ის ანალიტიკოსის, ბიარნე შილდროპის შეფასებით, ომანის ყურეში არსებული ფასები ამჟამად ნედლი ნავთობის საკმარის მიწოდებაზე მიუთითებს, თუმცა ამ მდგომარეობის სტაბილურად მიჩნევა სარისკოა. მისი თქმით, ჰუსიტების თავდასხმები საუდის არაბეთზე და ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე მათი გავლენა ბაზრისთვის დამატებით გაურკვევლობას ქმნის.

თავდასხმები საუდის არაბეთის ნავთობინფრასტრუქტურაზეც გრძელდება

საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, ხუთშაბათს ჯაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც ობიექტის გარკვეული ნაწილი დროებით გაჩერდა. თავდასხმას ნეპალის ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.

ეს შემთხვევა საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების მორიგი ეპიზოდია. ერთი დღით ადრე ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ იერიში მიიტანეს რას-ტანურას ობიექტზე, რომელიც ქვეყნის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნედლი ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი ცენტრია.

ამავდროულად, OPEC+-ის წევრები, მათ შორის საუდის არაბეთი და რუსეთი, პრინციპულად შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვების სამიზნე მაჩვენებლები 2027 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში უცვლელი დატოვონ. ამის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა სამმა წყარომ განაცხადა. შეთანხმება კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.

მიწოდების რისკებს სხვა რეგიონებში განვითარებული მოვლენებიც ემატება. უკრაინამ ოქტომბრის ბოლოდან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმები გააძლიერა. ბოლო ინციდენტის შედეგად ხანძარი გაჩნდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე სლავიანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

ხუთშაბათს ხანძრებმა მუშაობა შეაფერხა ასევე ტაილანდის ბანგჩაკის და ვენესუელის ამუაის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ჩინეთი საფონდო სახელმწიფო ინვესტორების როლის გაზრდას გეგმავს

პეკინი ცენტრალური Huijin Investment-ის გააქტიურებას აპირებს, რათა ბაზარზე არსებული რყევები შეაკავოს და ინვესტორების ნდობა აღადგინოს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე