საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სავაჭრო დავებზე უფრო სწრაფ რეაგირებას სთავაზობენ

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირს სთავაზობენ, შექმნას სწრაფი რეაგირების მექანიზმი იმ შემთხვევებისთვის, როცა უცხოური კომპანიები სახელმწიფო დახმარებით ან ხელოვნურად დაბალი ფასებით ევროპულ ბაზარზე უპირატესობას იღებენ. მათი წინადადებით, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება რამდენიმე დღეში უნდა იყოს შესაძლებელი.
ემანუელ მაკრონმა და ფრიდრიხ მერცმა წინადადება ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს. დოკუმენტში კონკრეტული ქვეყანა არ არის დასახელებული, თუმცა მასში აღწერილი პრობლემების დიდი ნაწილი ჩინეთთან ვაჭრობას უკავშირდება. საკითხს ევროკავშირის ლიდერები მომავალ სამიტზეც განიხილავენ.
საფრანგეთი და გერმანია პრობლემად ასახელებენ ევროკავშირის ბაზარზე ძალიან დაბალ ფასად შემოსულ საქონელს, უცხოური კომპანიებისთვის სახელმწიფოს მიერ გაცემულ დიდ სუბსიდიებსა და ვალუტის თავისუფლად გადაცვლის შეზღუდვებს. ისინი ასევე ითხოვენ უფრო სწრაფ რეაგირებას ქიმიური პროდუქციის, PET პლასტმასისა და ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებით.
წინადადება ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ერთი მხრივ, ევროკავშირმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება ერთ ქვეყანაზე ისეთი საქონლის შემთხვევაში, რომელსაც ეკონომიკისა და მრეწველობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
მეორე მხრივ, შესაძლებელი უნდა გახდეს ევროკავშირის ბაზარზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომელთა პოლიტიკაც ევროპულ კომპანიებს კონკურენციაში არათანაბარ პირობებში აყენებს. ცვლილებების მიღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის მხარდაჭერა დასჭირდება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






