Schneider Electric ამერიკულ PTC-ს $22.6 მილიარდად შეიძენს

ფრანგული Schneider Electric ამერიკულ პროგრამულ კომპანია PTC-ს დაახლოებით 22.6 მილიარდ დოლარად შეიძენს. ეს Schneider-ის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი იქნება.
PTC-ის პროგრამებს კომპანიები პროდუქტის დიზაინის, წარმოებისა და ტექნიკური მომსახურების პროცესებში იყენებენ. Schneider-ს PTC-ის შეძენით პროგრამული ბიზნესის გაზრდა სურს. გარიგების დასრულების შემდეგ პროგრამული პროდუქტები და მომსახურება ჯგუფის შემოსავლის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს.
Schneider PTC-ის თითო აქციაში 205 დოლარს გადაიხდის, რაც კომპანიის ბოლო საბირჟო ფასზე 42.3%-ით მეტია. გარიგების დასაფინანსებლად Schneider 5-6 მილიარდი ევროს ღირებულების ახალ აქციებს გამოუშვებს, კიდევ 16-17 მილიარდ ევროს კი სესხის სახით მოიზიდავს.
კომპანია ვარაუდობს, რომ გარიგებიდან მესამე წლიდან წლიურ ხარჯებს დაახლოებით 250 მილიონი ევროთი შეამცირებს. PTC-ისა და Schneider-ის პროდუქტების ერთად შეთავაზებამ კი შემოსავალი დამატებით დაახლოებით 800 მილიონი ევროთი უნდა გაზარდოს.
გარიგებას PTC-ის აქციონერებისა და მარეგულირებლების თანხმობა სჭირდება. მისი დასრულება 2027 წლის მესამე კვარტალში იგეგმება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






