SK Hynix აშშ-ს ახალი ქარხნის აშენებას სთავაზობს

სამხრეთკორეული SK Hynix აშშ-ის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კომპანიას სურს, ჩინეთში მდებარე საწარმოსთვის ამერიკული ჩიპების წარმოების დანადგარების შეძენის უფლება მიიღოს. სანაცვლოდ, მისი შვილობილი Solidigm აშშ-ში NAND მეხსიერების ახალ ქარხანას ააშენებს.
Solidigm-ს ჩინეთის ქალაქ დალიანში არსებული ქარხნის ნაწილის ამუშავება სურს, თუმცა ამისთვის ამერიკული კომპანიების მოწყობილობები სჭირდება, რომელთა ჩინეთში შეტანაც სპეციალურ ნებართვას მოითხოვს.
აშშ ჩინეთში თანამედროვე ჩიპების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკის გაყიდვას ზღუდავს. ამავე დროს, ვაშინგტონი უცხოურ კომპანიებს ქვეყანაში ახალი საწარმოების გახსნისკენ მოუწოდებს.
დალიანში წარმოების გაზრდა Solidigm-ს აშშ-ში ახალი პროექტისთვის საჭირო თანხის დაგროვებაში დაეხმარება. კომპანია მომავალ წელს ბირჟაზე გასვლასაც განიხილავს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






