ვენესუელას ნავთობის სექტორში $76 მილიარდამდე ინვესტიციაა დაგეგმილი

ვენესუელის ხელისუფლების ინფორმაციით, მომდევნო ხუთ წელიწადში ქვეყნის ნავთობის სექტორში თითქმის 76 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დელსი როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ-სთან შეთანხმება 17 საბადოსა და 250 საბურღი დანადგარის მუშაობის დაწყებას ითვალისწინებს.
უცხოური კომპანიებისთვის ენერგეტიკული სექტორის გახსნა იანვარში, ნიკოლას მადუროს ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ დაიწყო. როდრიგესის თქმით, აშშ-სთან გაფორმებული შეთანხმება 61 ხელშეკრულებიდან ერთ-ერთია.
ვენესუელას მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი დადასტურებული მარაგი აქვს, თუმცა მოპოვება კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ათი წლის წინანდელ მაჩვენებელს. ამის მიზეზებია წლების განმავლობაში ინვესტიციების ნაკლებობა, სახელმწიფო კომპანია PDVSA-ს პრობლემები და ამერიკული სანქციები.
ზულიის შტატში ნავთობის მოპოვება დღეში 70 ათასიდან 370 ათას ბარელამდე გაიზარდა. წლის ბოლომდე აღნიშნულმა მაჩვენებელმა შესაძლოა 400 ათას ბარელს მიაღწიოს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






