გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Volkswagen-ის გლობალური მიწოდება 14.3%-ით შემცირდა, Traton-ის გაყიდვები კი 10%-ით გაიზარდა

ნუცა ტყეშელაშვილი12 ოქტომბერი, 20265 წთ კითხვა
Volkswagen-ის გლობალური მიწოდება 14.3%-ით შემცირდა, Traton-ის გაყიდვები კი 10%-ით გაიზარდა

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ის გლობალური მიწოდება მესამე კვარტალში წლიურად 14.3%-ით შემცირდა და 1.89 მილიონი ავტომობილი შეადგინა. კლების მთავარი მიზეზი ჩინეთში მოთხოვნის შემდგომი შესუსტება იყო. ამავე დროს, Volkswagen-ის ჯგუფში შემავალი სატვირთო ავტომობილების მწარმოებელი Traton-ის გაყიდვები 10%-ით გაიზარდა, რასაც აშშ-ის ბაზარზე მოთხოვნის გაუმჯობესებამ შეუწყო ხელი.

კომპანიის ორშაბათის მონაცემებით, Volkswagen-ის მიწოდება ჩინეთში, რომელიც მისი უმსხვილესი ბაზარია, 38.5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან კლებამ 30.2% შეადგინა. ჩრდილოეთ ამერიკაში მიწოდება 5.8%-ით, ხოლო დასავლეთ ევროპაში 2.8%-ით შემცირდა. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი 1.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად საერთო კლებისა, Volkswagen-ის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყისში 1%-ზე მეტით გაიზარდა.

აშშ-ში Volkswagen-ის გაყიდვები მესამე კვარტალში 10.9%-ით შემცირდა და 78,179 ავტომობილი შეადგინა. SUV-ების გაყიდვები 16.2%-ით დაეცა, განსაკუთრებით მკვეთრი კლება კი ელექტრომობილ ID.4-ს შეეხო: მისი გაყიდვები 12,470-დან 989 ერთეულამდე შემცირდა, რაც 92%-იანი ვარდნაა. Atlas-ის გაყიდვები 19.5%-ით შემცირდა.

ამის საპირისპიროდ, Tiguan-ის გაყიდვები 27.4%-ით, 28,091 ერთეულამდე გაიზარდა, ხოლო Jetta-ს გაყიდვები 24.9%-ით, 14,092 ავტომობილამდე. ამ მოდელების შედეგებმა სამგზავრო ავტომობილების გაყიდვების 16.6%-იანი ზრდა განაპირობა.

Volkswagen-ის ჯგუფში შემავალი Audi-ს აშშ-ის განყოფილების გაყიდვები მესამე კვარტალში 15%-ით შემცირდა და 39,751 ავტომობილი შეადგინა. წლის პირველ ცხრა თვეში გაყიდვები 16%-ით დაეცა და 107,667 ერთეული შეადგინა. ამასთან, კომპანიის ცნობით, ახლად წარმოდგენილმა მოდელებმა ზრდა აჩვენა: A5-ის გაყიდვები 53%-ით, 5,315 ერთეულამდე გაიზარდა, A3-ის — 58%-ით, Q5-ის — 17%-ით, 11,371 ერთეულამდე, ხოლო Q8-ის გაყიდვები 103%-ით გაიზარდა.

Audi-ს ელექტრომობილების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. Q6 e-tron-ის გაყიდვები 94%-ით დაეცა და 619 ერთეული შეადგინა, ხოლო Q4 e-tron-ის გაყიდვები 2,956-დან მხოლოდ რვა ავტომობილამდე შემცირდა. სერტიფიცირებული მეორადი ავტომობილების გაყიდვები თითქმის უცვლელი დარჩა და 11,510 ერთეული შეადგინა. კომპანია მეოთხე კვარტალში ახალი Q9-ისა და Q7-ის წარდგენას გეგმავს.

Volkswagen-ის სატვირთო ავტომობილების ჯგუფმა Traton-მა კი მესამე კვარტალში 78,900 ავტომობილი გაყიდა, რაც წლიურად 10%-იანი ზრდაა. ეს მაჩვენებელი მეორე კვარტალში დაფიქსირებულ 4%-იან ზრდასთან შედარებით გაუმჯობესებას წარმოადგენს. წლის პირველ ცხრა თვეში Traton-ის გაყიდვები 3%-ით გაიზარდა და 230,400 ერთეული შეადგინა.

ყველაზე ძლიერი შედეგი Traton-ის ამერიკულმა ბრენდმა International Motors-მა აჩვენა — მისი სატვირთო ავტომობილების გაყიდვები 48%-ით, 19,900 ერთეულამდე გაიზარდა. კომპანიამ ეს შედეგი მომხმარებელთა მოთხოვნის მკვეთრ აღდგენას დაუკავშირა. Scania-ს გაყიდვები 3%-ით, 22,100 ერთეულამდე გაიზარდა, რასაც ჩინეთში ახალი ქარხნის წარმოების გაფართოებამ და ბრაზილიაში სახელმწიფო მხარდაჭერილმა საკრედიტო პროგრამამ შეუწყო ხელი. Volkswagen Truck & Bus-ის გაყიდვები 5%-ით გაიზარდა და 12,500 ერთეული შეადგინა, ხოლო MAN-ის გაყიდვები 1%-ით შემცირდა და 24,500 ერთეული იყო. Traton-ის მთლიანად ელექტრული სატვირთო ავტომობილების გაყიდვები კი 6%-ით შემცირდა და 770 ერთეული შეადგინა.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასები მერყეობს - ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმები მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის

ახლო აღმოსავლეთში ტანკერებზე თავდასხმებმა ნავთობის მიწოდების შეფერხების შიში გააძლიერა. მიუხედავად იმისა, რომ Brent ხუთშაბათს თითქმის 4%-ით, ხოლო WTI 2.7%-ით გაძვირდა, ორივე მარკა კვირის განმავლობაში მკვეთრ კლებას აჩვენებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
მაკრო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ის დასაქმების ანგარიში ინვესტორების ყურადღების ცენტრშია

ინვესტორები აშშ-ის ოქტომბრის დასაქმების ანგარიშს ელოდებიან, რომელმაც შესაძლოა Fed-ის დეკემბრის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. პროგნოზით, ეკონომიკას 65,000 სამუშაო ადგილი დაემატა, უმუშევრობის დონე კი 4.2%-ზე შენარჩუნდა. შრომის ბაზრის მდგრადობამ შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის ზრდის მოლოდინები გააძლიეროს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო6 ნოე. 20262 წთ კითხვა

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა კაპიტალი მოიზიდეს

გლობალურმა აქციების ფონდებმა ზედიზედ მეშვიდე კვირაა ინვესტიციების შემოდინება მიიღეს — ჯამში $38.63 მილიარდი. ევროპული ფონდები ენერგორესურსების გაიაფების ფონზე განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა, მაშინ როდესაც ტექნოლოგიურ სექტორში ინტერესი შემცირდა, ხოლო ფულის ბაზრის ფონდებმა $172.71 მილიარდი მოიზიდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე