გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

ნუცა ტყეშელაშვილი17 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
Disney-ის შემოსავალი 16%-ით გაიზარდა

The Walt Disney Company-მ მეოთხე კვარტალში ერთ აქციაზე კორექტირებული მოგების სახით $1.77 მიიღო, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ $1.68-ს აღემატება. კომპანიის შემოსავალმა $25.95 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც ბაზრის კონსენსუსი $25.21 მილიარდს შეადგენდა. წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა - წინა წლის ანალოგიურ პერიოდში Disney-ის შემოსავალი $22.5 მილიარდი იყო.

კომპანიის ფინანსურ შედეგებში მნიშვნელოვანი წვლილი სტრიმინგის ბიზნესმა შეიტანა. გასართობი მიმართულების SVOD სერვისებიდან მიღებული შემოსავალი, რაც გამოწერებზე დაფუძნებულ ვიდეოპლატფორმებს მოიცავს, 19%-ით გაიზარდა და $6.1 მილიარდს მიაღწია. ამავე მიმართულების საოპერაციო მოგება თითქმის გაორმაგდა - წინა წლის $402 მილიონიდან $824 მილიონამდე. სრულ ფისკალურ წელიწადში საოპერაციო მოგების მარჟამ 11.5% შეადგინა.

კომპანიის შეფასებით, კვარტალში SVOD შემოსავლის ზრდის დაახლოებით 9% ფისკალური წლის დამატებით, 53-ე კვირას უკავშირდებოდა.

შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Disney-ის აქციები წინასაბაზრო ვაჭრობაში დაახლოებით 2%-ით გაიზარდა.

გასართობი პარკები და სპორტული მიმართულება

რეკორდული შედეგები აჩვენა Disney-ის Experiences სეგმენტმაც, რომელიც კომპანიის გასართობ პარკებსა და შესაბამის გამოცდილებებს აერთიანებს. კვარტალში მისი შემოსავალი 15%-ით გაიზარდა და $10.1 მილიარდს მიაღწია, საოპერაციო მოგება კი 20%-ით, $2.3 მილიარდამდე გაიზარდა.

კომპანიის გლობალურ პარკებსა და კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა. ზრდას ხელი შეუწყო Walt Disney World-სა და Disneyland Paris-ში დაფიქსირებულმა ძლიერმა მოთხოვნამ. ამასთან, Disney კვლავ სირთულეებს აწყდება ჰონგ-კონგისა და შანხაის პარკებში, სადაც სტუმრების ნაკადები შედარებით სუსტია.

სპორტული მიმართულების შემოსავალი 16%-ით გაიზარდა და $4.6 მილიარდი შეადგინა, საოპერაციო მოგება კი 53%-ით, $1.4 მილიარდამდე გაიზარდა. კვარტალში Monday Night Football-ის მაყურებელთა რაოდენობა 20%-ით იყო გაზრდილი.

„ჩვენი ძლიერი 2026 ფისკალური წლის შედეგები, რომლებიც რთული მაკროეკონომიკური გარემოს მიუხედავად მივიღეთ, აჩვენებს, რომ დასახული მიზნების მიღწევას წარმატებით ვაგრძელებთ“, - განაცხადეს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოშ დ'ამარომ და ფინანსურმა დირექტორმა ჰიუ ჯონსტონმა აქციონერებისადმი გაგზავნილ წერილში.

Disney-ის პროგნოზი 2027 ფისკალური წლისთვის

2027 ფისკალურ წელს Disney ერთ აქციაზე კორექტირებული მოგების ორნიშნა პროცენტულ ზრდას ელის, დამატებითი 53-ე კვირის გავლენის გამოკლებით. კომპანია ასევე პროგნოზირებს, რომ მისი ბიზნესსეგმენტების ჯამური საოპერაციო მოგება დაახლოებით 8%-ით გაიზრდება. პირველი კვარტლისთვის კი ამ მაჩვენებლის დაახლოებით $5.4 მილიარდს ვარაუდობს.

გარდა ამისა, Disney-მ 2027 ფისკალური წლისთვის დივიდენდის 33%-ით გაზრდა დააანონსა. ერთ აქციაზე წლიური დივიდენდი $2.00-ს მიაღწევს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

MINISO-მ კვარტალური მოგებისა და შემოსავლის პროგნოზებს გადააჭარბა

საცალო ვაჭრობის კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავალი წლიურად 14.3%-ით გაზარდა. ზრდის მთავარი მამოძრავებელი MINISO-ს ბრენდი იყო.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20262 წთ კითხვა

ევროზონაში ინფლაცია 2027 წლის ბოლომდე 3%-ზე მაღლა შენარჩუნდება

ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ევროკომისია ეკონომიკურ ზრდას 1.2%-ის ფარგლებში პროგნოზირებს, სახელმწიფო დეფიციტი კი 3%-იან ზღვარს გადააჭარბებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო17 ნოე. 20265 წთ კითხვა

Nvidia-ს ფინანსური შედეგები AI სექტორისთვის გამოცდად იქცევა

ინვესტორები კომპანიისგან გაყიდვების ზრდის პროგნოზისა და მომხმარებლების ფინანსური მხარდაჭერის სტრატეგიის შესახებ განმარტებებს ელიან.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე