გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

ნუცა ტყეშელაშვილი16 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
განვითარებადი ბაზრების აქციები 2027 წელს 15%-იან შემოსავალს მოიტანს

UBS Global Research-ის პროგნოზით, განვითარებადი ბაზრების აქციებიდან ინვესტორების ჯამური შემოსავალი 2027 წელს შესაძლოა 15%-ს გაუტოლდეს. საინვესტიციო ბანკი ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ობლიგაციებიდან 6%-იან, ხოლო კორპორაციული საკრედიტო ფასიანი ქაღალდებიდან 5%-იან შემოსავალს ელოდება. მთლიანობაში, განვითარებადი ბაზრების აქტივებისთვის პროგნოზირებული შემოსავლის დიაპაზონი 5%-დან 15%-მდეა.

UBS-ის შეფასებით, განვითარებადი ბაზრების მიმართ ინვესტორების რისკისადმი განწყობის მაჩვენებელი ე.წ. „განთავისუფლების დღის“ (Liberation Day) მინიმალურ ნიშნულებს უახლოვდება. ისტორიულად, მსგავსი ვითარება მომდევნო 6-12 თვის განმავლობაში სხვადასხვა აქტივის დადებით შედეგებს უკავშირდებოდა.

ბანკმა MSCI-ის განვითარებადი ბაზრების ინდექსისთვის 2027 წლის ბოლოსთვის 1 780 პუნქტის მიზნობრივი მაჩვენებელი განსაზღვრა, მაშინ როცა 6 ნოემბერს ინდექსი 1 502 პუნქტზე იყო. UBS 2027 წელს ერთ აქციაზე მოგების (EPS) 27%-იან, ხოლო 2028 წელს 18%-იან ზრდას პროგნოზირებს. ამ ზრდის დაახლოებით 75% სამხრეთ კორეასა და ტაივანზე მოდის, რომელთა წილი ინდექსში ჯამურად 46%-ია.

ვალუტები და ობლიგაციები

მიუხედავად ოპტიმისტური გრძელვადიანი პროგნოზისა, UBS ინვესტორებს ამ ეტაპზე შერჩევითი მიდგომის შენარჩუნებას ურჩევს. ბანკის შეფასებით, აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების ზრდის ციკლის ბოლო ორი-სამი თვე ისტორიულად რთული პერიოდი იყო განვითარებადი ბაზრებისთვის. დამატებით რისკებს ენერგორესურსების ფასები და ელ-ნინიოს კლიმატური ფენომენი ქმნის. UBS უფრო ძლიერ მხარდაჭერას აშშ-ის საპროცენტო განაკვეთებისა და დოლარის მხრიდან 2027 წლის მეორე ნახევარში ელის.

ბანკის პროგნოზით, განვითარებადი ბაზრების ვალუტების უმეტესობა მეორე კვარტლამდე დოლართან მიმართებით 2-3%-ით გაუფასურდება, თუმცა წლის მეორე ნახევარში ნაწილობრივ აღდგება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აშშ-ის ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა 2028 წელს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოლოდინში შემცირდება.

UBS მეორე კვარტლამდე ევროს მოკლე პოზიციებიდან, ჩინურ ოფშორულ იუანსა და ბრაზილიურ რეალთან მიმართებით, 5-7%-იან ჯამურ შემოსავალს პროგნოზირებს. ამასთან, ბანკი ინვესტორებს პოლონური ზლოტის, ჩილეს პესოსა და ინდონეზიური რუპიის შესაძლო გაუფასურებისგან დაცვის მექანიზმების შენარჩუნებას ურჩევს. მის რჩეულ ვალუტად კი სამხრეთ კორეული ვონის ნაცვლად ტაივანური დოლარი სახელდება.

ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების ბაზარზე UBS აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს განვითარებადი ბაზრების 20 უმსხვილესი ეკონომიკიდან 13-ში 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა აშშ-ის ანალოგიურ მაჩვენებელზე ნაკლებად გაიზარდა.

ბანკის პროგნოზით, მომავალ წელს განვითარებადი ბაზრების შედარებით მსხვილი ეკონომიკების დაახლოებით 25% საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, მაშინ როცა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და ევროპის ცენტრალური ბანკი ამ ნაბიჯს, სავარაუდოდ, 2028 წლამდე არ გადადგამენ. UBS უპირატესობას მექსიკისა და უნგრეთის ობლიგაციებს ანიჭებს, პოლონეთის ბაზარზე კი შედარებით ნაკლებ პოზიციას იკავებს.

კორპორაციული ობლიგაციების მიმართულებით ბანკი უფრო ზომიერ მოლოდინებს ინარჩუნებს. განვითარებად ბაზრებზე ახალი ემისიების წმინდა მოცულობა წლიურად 14%-ით იზრდება, მაშინ როცა ერთი წლის წინ ზრდა 5% იყო. ეს მაჩვენებელი 5.4%-იან კუპონურ და რეინვესტირების განაკვეთსაც აღემატება. ამასთან, UBS-ის შეფასებით, 2026 წლის შუა პერიოდიდან სექტორის ფინანსური მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. შესაბამისად, ამ ბაზარზე მოსალოდნელი შემოსავლის ძირითადი წყარო საპროცენტო გადახდები იქნება.

UBS-ის შეფასებით, ნავთობის ფასის ბარელზე 70 დოლარზე ქვემოთ შემცირება პროგნოზისთვის დადებითი ფაქტორი იქნება. მთავარ რისკებს კი ენერგორესურსების ბაზარზე გაურკვევლობა, ელ-ნინიოს გავლენა და საფრანგეთის ფისკალური მდგომარეობის გაუარესება წარმოადგენს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

Diamondback Energy Double Eagle-ის აქტივების შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგება ტეხასურ ენერგოკომპანიაში საბურღი აქტივების პორტფელის შეძენას ითვალისწინებს და შესაძლოა, მომდევნო კვირაში გამოცხადდეს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20262 წთ კითხვა

აშშ-ში ფრენების შეფერხება მესამე დღეა გრძელდება

კვირას 5 200-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ტრანსპორტის მდივანი ფრენების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას ორშაბათისთვის პროგნოზირებს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო16 ნოე. 20261 წთ კითხვა

ფედერალური რეზერვი ინფლაციის წინააღმდეგ ზომებს განიხილავს

კანზას სიტის FED-ის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაცია 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება და არასწორი მიმართულებით მოძრაობს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე