Huawei აშშ-ის სასამართლომ 12 ბრალდებიდან 10-ში დამნაშავედ ცნო

ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი Huawei ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა სამშაბათს დამნაშავედ ცნეს აშშ-ის მასშტაბურ სისხლის სამართლის საქმეში. კომპანიას ბრალი ედებოდა ირანში საქმიანობის შესახებ ბანკების შეცდომაში შეყვანასა და ამერიკული კომპანიების სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობაში.
საქმე 2018 წელს დაიწყო. მომდევნო წელს აშშ-ის მთავრობამ Huawei სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა, რამაც კომპანიას ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომა შეუზღუდა. ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილებას ეროვნული უსაფრთხოების რისკებით ხსნიდა.
ბრუკლინის ფედერალურმა სასამართლომ Huawei 12 სისხლისსამართლებრივი ბრალდებიდან 10-ში დამნაშავედ ცნო. მათ შორისაა საბანკო და ელექტრონული თაღლითობა, სანქციების დარღვევა და სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვის მიზნით შეთქმულება. ამასთან, ნაფიცმა მსაჯულებმა კომპანია გაამართლეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და რეკეტული საქმიანობის მიზნით შეთქმულების ბრალდებებში. ეს უკანასკნელი გულისხმობდა ბრალდებას, რომ Huawei კრიმინალური ორგანიზაციის მსგავსად მოქმედებდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ პეკინი ჩინური კომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის ზეწოლას ეწინააღმდეგება.
„ჩინეთის მთავრობა მტკიცედ ეწინააღმდეგება აშშ-ის მცდელობებს, შეზღუდოს და შეაკავოს ჩინური კომპანიები, და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების დაცვაში“, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა Guo Jiakun-მა.
Huawei განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს
სასამართლო პროცესი ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. პროკურატურამ 60-ზე მეტი მოწმე წარადგინა, დაცვის მხარემ კი 15. მოსამართლე Ann Donnelly-ის მიერ საბოლოო სასჯელის გამოცხადება 2027 წლის 14 სექტემბერს არის დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის ჯარიმა ან სხვა სანქცია დაეკისრება კომპანიას.
საქმის განხილვისას ყურადღება დაეთმო Reuters-ის 2012 და 2013 წლების ჟურნალისტურ გამოძიებებსაც, რომლებმაც Huawei-ის ირანში საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოავლინა.
„მას შემდეგ, რაც მედიამ Huawei-ის ირანში ოპერაციებთან დაკავშირებით კითხვების დასმა დაიწყო, იგივე გააკეთეს კომპანიის ბანკებმაც“, - განაცხადა პროკურორმა Meredith Arfa-მ სასამართლო პროცესის დასკვნით ეტაპზე.
Huawei-ის ადვოკატმა Brian Heberlig-მა განაცხადა, რომ კომპანია გამამტყუნებელი განაჩენით იმედგაცრუებულია, თუმცა რეკეტული საქმიანობის მიზნით შეთქმულების ბრალდებაში გამართლება მისი თქმით, კომპანიის კეთილსინდისიერი შესაბამისობის პოლიტიკას ადასტურებს.
„სრულად ველით, რომ განაჩენს გავასაჩივრებთ“, - განუცხადა Heberlig-მა ჟურნალისტებს.
აშშ-ის პროკურორმა Joseph Nocella-მ კი განაცხადა, რომ Huawei-ის ქმედებები ათწლეულების განმავლობაში საფრთხეს უქმნიდა ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, არღვევდა აშშ-ის კომერციულ წესებს და ხელს უშლიდა კანონების აღსრულებას.
Huawei-ის განცხადებით, დარჩენილი ბრალდებები სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ სავაჭრო საიდუმლოებებთან დაკავშირებული ხუთი დავა სამოქალაქო ხასიათის იყო და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უკვე მოგვარებულია. მისი მტკიცებით, არცერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ კომპანიას ინტელექტუალური საკუთრება განზრახ მიეთვისებინა ან სავაჭრო საიდუმლოებების მითვისებისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრებინა.
სასამართლო საქმე Huawei-ის ბიზნესზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს
ექსპერტების შეფასებით, სასამართლო პროცესს Huawei-ის ბიზნესსაქმიანობა არსებითად არ შეუფერხებია. კომპანიამ საქმიანობის დივერსიფიკაცია შეძლო და ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა.
Huawei აცხადებს, რომ მისი პრიორიტეტი ბიზნესოპერაციების სტაბილურად შენარჩუნება და კვლევასა და განვითარებაში გრძელვადიანი ინვესტიციების გაგრძელებაა.
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






