Iceye-მ Avio-ს შესაძენად €2-მილიარდიანი შეთავაზება წარადგინა

ფინურმა თანამგზავრების ოპერატორმა Iceye-მ იტალიური სარაკეტო კომპანია Avio-ს შესაძენად დაახლოებით €2-მილიარდიანი შეთავაზება წარადგინა. მიზანი ევროპული კოსმოსური და თავდაცვის ჯგუფის შექმნაა.
Iceye თითო აქციაში €41-ს გადაიხდის, რაც Avio-ს 16 ნოემბრის საბაზრო ფასთან შედარებით 21.3%-ით მეტია. გარიგება ფინური კომპანიის იტალიური შვილობილი კომპანიის მეშვეობით განხორციელდება. Iceye-ს Avio-ს აქციების ბირჟიდან მოხსნაც სურს.
Avio Vega-ს რაკეტებსა და სარაკეტო ძრავებს აწარმოებს. Iceye კი თანამგზავრებს ქმნის და თავდაცვისა და სადაზვერვო უწყებებს დედამიწის ზედაპირის სარადარო გამოსახულებებით ამარაგებს. გაერთიანების შემთხვევაში ორივე მიმართულება ერთ კომპანიაში მოექცევა.
Iceye ასევე გეგმავს, იტალიაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კიდევ 1 მილიარდი ევრო დახარჯოს. კომპანიამ Avio-ს სახელისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პირობაც დადო. გარიგებას იტალიის მთავრობის თანხმობა დასჭირდება.
წყარო: Yahoo Finance
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





