გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

J.P. Morgan-მა Swatch-ისა და Pandora-ს აქციების შეფასება გააუმჯობესა

ნუცა ტყეშელაშვილი27 ნოემბერი, 20263 წთ კითხვა
J.P. Morgan-მა Swatch-ისა და Pandora-ს აქციების შეფასება გააუმჯობესა

Swatch-ისა და Pandora-ს აქციები პარასკევს გაიზარდა, Adidas-ისა და Puma-ს ფასიანი ქაღალდები კი შემცირდა. ცვლილებები J.P. Morgan-ის მიერ კომპანიების საინვესტიციო შეფასებების გადახედვას მოჰყვა. ბანკმა შვეიცარიული საათებისა და სამკაულების მწარმოებლების შეფასება გააუმჯობესა, სპორტული ტანსაცმლის ბრენდების კი შეამცირა.

ვაჭრობის დაწყებამდე Swatch-ის აქციები 1.7%-ით, 210.70 შვეიცარიულ ფრანკამდე გაიზარდა, Pandora-ს ფასიანი ქაღალდები კი 1.6%-ით, 950.4 დანიურ კრონამდე. ამავე დროს, Adidas 1.82%-ით, 170.55 ევრომდე დაეცა, Puma კი 1.53%-ით, 23.13 ევრომდე შემცირდა.

J.P. Morgan-მა Richemont ფუფუნების საქონლის სექტორში კვლავ ფავორიტ კომპანიად დაასახელა. მისი აქციები 0.9%-ით გაიზარდა. Kering-ის მიმართ ბანკმა „Underweight“ შეფასება შეინარჩუნა, რაც ბაზარზე მოსალოდნელზე დაბალ შედეგს გულისხმობს.

ბანკის პროგნოზით, 2027 წელს ჩინელი მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემცირება აშშ-ის მომხმარებლების დადებით წვლილს გაანეიტრალებს, სპორტული საქონლის ბაზარზე კი ზრდის ტემპი შენელდება.

Richemont და Pandora - ბანკის ფავორიტები

J.P. Morgan-მა შვეიცარიული საიუველირო კომპანია Richemont ზედიზედ მეოთხე წელია სექტორის მთავარ არჩევანად დატოვა. ბანკის შეფასებით, კომპანიის საიუველირო მიმართულება უპირატესობას შეინარჩუნებს, რადგან ეს კატეგორია, სავარაუდოდ, ტყავის ნაწარმზე უკეთეს შედეგს აჩვენებს. Richemont-ის აქციებზე „Overweight“ შეფასება ძალაში დარჩა.

Swatch-ის შეფასება „Underweight“-დან „Neutral“-მდე გაიზარდა. გადაწყვეტილების მიზეზად საათების ბაზრის პერსპექტივის გაუმჯობესება და შვეიცარიული ფრანკის გავლენა დასახელდა - ვალუტა, რომელიც კომპანიისთვის ადრე უარყოფითი ფაქტორი იყო, ახლა კი ხელსაყრელ პირობად იქცა. ბანკმა Swatch-ის სამიზნე ფასი 130-დან 210 ფრანკამდე გაზარდა და იანვრის ბოლოს დაგეგმილი წლიური შედეგების დადებითად შეფასებას ელოდება.

Pandora-ს შეფასება „Neutral“-დან „Overweight“-მდე გაუმჯობესდა. J.P. Morgan-მა გადაწყვეტილება ბრენდის მიმართ მომხმარებელთა ინტერესის აღდგენის ნიშნებითა და ვერცხლის ფასის შემცირებით ახსნა. ბოლო ექვს თვეში ვერცხლი 45%-ზე მეტით გაიაფდა და უნციაზე 40 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, რაც კომპანიას სამკაულების წარმოებაში გამოყენებული ლითონების შემადგენლობის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.

ბანკი Pandora-ს მეოთხე კვარტალში შესადარებელ გაყიდვებში 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს, მაშინ როდესაც ანალიტიკოსების საერთო მოლოდინი 2.7%-ია. კომპანიის სამიზნე ფასი 890-დან 1 175 დანიურ კრონამდე გაიზარდა.

Adidas-სა და Puma-ს მიმართ მოლოდინები უარესდება

სპორტული საქონლის სექტორში J.P. Morgan-მა Adidas-ის შეფასება „Overweight“-დან „Neutral“-მდე შეამცირა. ბანკის პროგნოზით, კომპანიის ტანსაცმლის გაყიდვები 2027 წელს 5%-ით გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების 9%-იან მოლოდინს ჩამორჩება. ერთ-ერთი მიზეზი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შედარებისთვის უფრო მაღალი საბაზისო მაჩვენებელია.

ბანკი ასევე მიუთითებს Adidas-ის ონლაინ მაღაზიაში ფასდაკლებების მასშტაბის ზრდაზე. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ნოემბრის შუა რიცხვებში ფასდაკლებები პროდუქციის 60-70%-ს შეეხო, მაშინ როდესაც აგვისტოში ეს მაჩვენებელი 20-30% იყო. J.P. Morgan-ის შეფასებით, ამან შესაძლოა მეოთხე კვარტალში კომპანიის მთლიანი მოგების მარჟაზე უარყოფითად იმოქმედოს. Adidas-ის სამიზნე ფასი 230-დან 184 ევრომდე შემცირდა.

Puma-ს შეფასება „Neutral“-დან „Underweight“-მდე ჩამოქვეითდა. ბანკის აზრით, საცალო მოვაჭრეები უფრო ფრთხილად ეკიდებიან იმ ბრენდებისთვის სავაჭრო სივრცის დათმობას, რომლებიც ბიზნესის აღდგენას ცდილობენ.

J.P. Morgan Puma-ს 2027 წლის კორექტირებულ საოპერაციო მოგებას 31 მილიონ ევროდ პროგნოზირებს, რაც ანალიტიკოსების 171-მილიონიან მოლოდინზე მნიშვნელოვნად დაბალია. ბანკი რისკებად ხარჯების ინფლაციას, მიმდინარე ინვესტიციებსა და პირდაპირი გაყიდვების არხების მზარდ დანახარჯებს ასახელებს. კომპანიის სამიზნე ფასი 26-დან 21 ევრომდე შემცირდა.

სპორტული საქონლის სექტორში ბანკის ერთადერთ „Overweight“ არჩევანად შვეიცარიული ბრენდი On Holding დარჩა. მისი სამიზნე ფასი 46 დოლარია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის აქციები მიმდინარე წელს 30%-ზე მეტით არის შემცირებული.

ტყავის ნაწარმის სეგმენტში J.P. Morgan-მა Gucci-ს მფლობელი Kering-ის მიმართ „Underweight“ შეფასება შეინარჩუნა. ბანკის აზრით, Gucci-ს ბრენდის განახლების პროცესი ზრდის დაბრუნებას, სულ მცირე, 2027 წლის მეორე ნახევრამდე გადაავადებს.

საერთო ჯამში, J.P. Morgan სპორტული საქონლის სექტორში წლის პირველ ნახევარს სუსტად აფასებს, თუმცა მეორე ნახევარში შესაძლო აღდგენას პროგნოზირებს. ევროპული ფუფუნების საქონლის ბაზარზე კი 2027 წელს ზრდას არ ელის.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

საფონდო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ნავთობის ფასი სამკვირიანი კლების შემდეგ იზრდება

ჰორმუზის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმებმა და საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებმა ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შეფერხების რისკი გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო27 ნოე. 20261 წთ კითხვა

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება, უმუშევრობა კი იზრდება

2026 წლის ოქტომბერში ქვეყანაში დაახლოებით 45.69 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული - წლიურ ჭრილში მაჩვენებელი 0.5%-ით შემცირდა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
კრიპტო27 ნოე. 20262 წთ კითხვა

ბიტკოინი შვიდკვირიანი ვარდნის შემდეგ პირველად გაიზარდა

კრიპტოვალუტის ფასი კვირის განმავლობაში 2.2%-ით მოიმატა და $61,400-ს გადააჭარბა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე