მალაიზია Google-ისგან $146 მილიონიან კომპენსაციას ითხოვს

მალაიზიის კომუნიკაციებისა და მულტიმედიის კომისიამ Alphabet-ის მფლობელობაში მყოფი Google-ის წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა და ჯამურად 600 მილიონი რინგიტის (დაახლოებით 145.84 მილიონი დოლარის) კომპენსაციას ითხოვს.
მარეგულირებლის განცხადებით, Google-მა YouTube-ზე სათანადო ზომები არ მიიღო ონლაინ აზარტულ თამაშებთან, თაღლითობასა და ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებული კონტენტის წინააღმდეგ. უწყება ასევე ამტკიცებს, რომ კომპანიამ პრევენციული ზომები არ გაატარა ცნობილი ბლოგერის მიერ გავრცელებულ „სხვადასხვა სახის სენსიტიურ კონტენტთან“ დაკავშირებით.
Google-ს მომხდარზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
MCMC-ის განმარტებით, მოთხოვნილი კომპენსაცია იმ მნიშვნელოვანი ფინანსური და ადამიანური რესურსების ანაზღაურებას ისახავს მიზნად, რომლებიც მარეგულირებელმა Google-ის პლატფორმაზე აღმოჩენილი 50 000-ზე მეტი მავნე მასალის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარა. უწყების განცხადებით, სარჩელების მიზანი ასევე სოციალური მედიის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.
სარჩელები იმ პერიოდიდან რამდენიმე კვირაში შევიდა, რაც Google-მა მალაიზიაში 2027-2028 წლებში 15 მილიარდი დოლარის ინვესტირების გეგმა გამოაცხადა. თანხა მონაცემთა ცენტრების კომპლექსების განვითარებას, სუფთა ენერგიის პროექტებს, წყლის რესურსების უსაფრთხოების გაძლიერებასა და სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას მოხმარდება.
მალაიზიის მთავრობას მსხვილ სოციალურ პლატფორმებთან, მათ შორის TikTok-სა და Meta-ს კუთვნილ Facebook-თან, ურთიერთობა ადრეც დაძაბული ჰქონდა. ხელისუფლება კომპანიებს მავნე კონტენტის წაშლის ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა.
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





