SEC-მა ბიტკოინსა და ეთერიუმზე მიბმული ახალი საბირჟო პროდუქტები დაამტკიცა

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ექვსი ახალი საბირჟო პროდუქტის გამოშვება დაამტკიცა. მათგან ორი ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასის ცვლილებას იქნება დაკავშირებული.
მაგალითად, თუ ბიტკოინი ერთ დღეში 1%-ით გაძვირდება, პროდუქტის ფასი დაახლოებით 3%-ით მოიმატებს. 1%-იანი კლების შემთხვევაში კი დაახლოებით 3%-ით გაიაფდება. ფინანსურ ბაზარზე ამას სამმაგ ბერკეტს უწოდებენ.
ამ პროდუქტების შესაქმნელად თავად ბიტკოინსა და ეთერიუმს არ იყიდიან. ამის ნაცვლად გამოიყენებენ ფიუჩერსებს, ანუ კონტრაქტებს, რომელთა ღირებულებაც კონკრეტული აქტივის ფასის ცვლილებაზეა დამოკიდებული.
დანარჩენი ოთხი პროდუქტიც იმავე პრინციპით იმუშავებს და ოქროს, ვერცხლის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებს დაუკავშირდება. თუ რომელიმე მათგანის ფასი ერთ დღეში 1%-ით შეიცვლება, შესაბამისი პროდუქტის ფასი დაახლოებით 3%-ით შეიცვლება.
SEC-ის თანხმობა იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებით ვაჭრობა უკვე შეიძლება. კომპანიებმა ჯერ რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები უნდა გაიარონ. ამის შემდეგ ინვესტორებს ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასის ცვლილებით სარგებლობა თავად კრიპტოვალუტის ყიდვის გარეშე შეეძლებათ.
იმავე კვირაში SEC-მა კრიპტოაქტივების შენახვის წესების შეცვლის წინადადებაც წარადგინა.
წყარო: Investing.com
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






