ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის კოორდინირებისთვის ახალი ჯგუფი შექმნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული პოლიტიკის კოორდინირება ახალ სამთავრობო ჯგუფს დაავალა. ჯგუფს, რომელსაც ადმინისტრაციამ „Super Intelligence Force“ უწოდა, ჯეი კლეიტონი უხელმძღვანელებს.
ჯგუფმა 120 დღის განმავლობაში უნდა შეაფასოს ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და რისკები. მომზადებულ ანგარიშში ასევე უნდა განისაზღვროს, რა როლი ექნება ფედერალურ მთავრობას, როგორ აღირიცხება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ინციდენტები და როგორ უნდა იმოქმედონ უწყებებმა კიბერშეტევებისა და უსაფრთხოების სხვა პრობლემების შემთხვევაში.
ჯგუფის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ფედერალური სავაჭრო კომისიის თავმჯდომარე ენდრიუ ფერგიუსონი, პენტაგონის ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ემილ მაიკლი და პერსონალის მართვის სამსახურის დირექტორი სკოტ კუპორი. მომზადებულ ანგარიშს ისინი პრეზიდენტსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენენ.
ტრამპი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ნაკლებად მკაცრ რეგულირებას უჭერს მხარს. მისი შეფასებით, ზედმეტმა შეზღუდვებმა შესაძლოა აშშ ჩინეთთან ტექნოლოგიურ კონკურენციაში დააზარალოს. ახალი ჯგუფი მუშაობის პროცესში ტექნოლოგიურ კომპანიებს, მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც შეხვდება.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






