გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
განათლება

უზბეკეთი და საქართველო სატრანსპორტო თანამშრომლობას აფართოებენ

შ. ახმედოვი29 ივნისი, 20264 წთ კითხვა
უზბეკეთი და საქართველო სატრანსპორტო თანამშრომლობას აფართოებენ

გლობალური მიწოდების ჯაჭვების ცვლილებამ და აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიული სატრანსპორტო გზების ძიებამ ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა. ამ ფონზე, განსაკუთრებული როლი ენიჭება იმ დერეფნებს, რომლებიც რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს და ვაჭრობის, ტრანზიტისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.

უზბეკეთსა და საქართველოს ამ პროცესში ურთიერთშემავსებელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვთ. უზბეკეთისთვის, რომელსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვს, საქართველო შავი ზღვის პორტების გავლით ევროპასთან დაკავშირების მნიშვნელოვანი გზაა. საქართველოსთვის კი უზბეკეთთან თანამშრომლობა ცენტრალური აზიის, ჩინეთისა და სამხრეთ აზიის ბაზრებთან წვდომის შესაძლებლობას ქმნის.

ამ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, იგივე შუა დერეფანს. 2025 წლის ბოლოსთვის ამ გზით გადაზიდული უზბეკური ტვირთის მოცულობა გაორმაგდა და 1.2 მილიონ ტონას მიაღწია. აქედან გამომდინარე, შუა დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიულ გზად ყალიბდება.

მზარდია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ტვირთბრუნვაც. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის გადაზიდული ტვირთის საერთო მოცულობამ 146.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 5%-იანი ზრდაა. განსაკუთრებით გაიზარდა სარკინიგზო გადაზიდვები: მათი მოცულობა 56%-ით გაიზარდა და 53.1 ათას ტონას მიაღწია. ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის მატება აჩვენებს, რომ ამ მიმართულებას კიდევ დიდი პოტენციალი აქვს.

მნიშვნელოვანია CASCA+ საერთაშორისო მარშრუტიც, რომელიც ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთსა და ევროპას აკავშირებს. ამ დერეფნის განვითარებისთვის მონაწილე ქვეყნები სატარიფო შეღავათებს აწესებენ და სატრანზიტო საკონტეინერო მატარებლების მოძრაობას კოორდინირებულად ავითარებენ. 2026 წლის ივნისში გამართულ ექვსმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც CASCA+ დერეფანში ტვირთების მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს.

აქტიურად ვითარდება საჰაერო მიმოსვლაც. რეგულარული რეისები სრულდება ტაშკენტი-თბილისისა და ტაშკენტი-ბათუმის მიმართულებებით. 2025 წელს უზბეკურმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით 608 რეგულარული და ჩარტერული რეისი შეასრულეს, ხოლო 2026 წლის პირველ ხუთ თვეში ფრენების რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.

მომავალში თანამშრომლობის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის მსხვილი სარკინიგზო პროექტები. ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის რკინიგზა ჩინეთიდან ცენტრალურ აზიამდე და შემდეგ კასპიის ზღვის გავლით სამხრეთ კავკასიამდე უფრო მოკლე სახმელეთო გზას ქმნის. ტრანსავღანური რკინიგზა, უზბეკეთი-ავღანეთი-პაკისტანის მიმართულებით, კი უზბეკეთს სამხრეთ აზიის ბაზრებთან დააკავშირებს.

ამ პროექტების დაკავშირება უკვე არსებულ სატრანსპორტო დერეფნებთან ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. შედეგად, უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მხოლოდ ტვირთების გადაზიდვას არ უკავშირდება. ის უფრო ფართო, სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორობად ყალიბდება.

ავტორი: შ. ახმედოვი - უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროსთან არსებული ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების საკითხთა შესწავლის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს
ანალიზი13 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Uber-ის ავტონომიური ტრანსპორტის მიმართულებას კიდევ ერთი ხელმძღვანელი ტოვებს

Uber-ის ავტონომიური მობილობისა და მიწოდების გლობალური ხელმძღვანელი სარფრაზ მარედია კომპანიას 16 ნოემბერს დატოვებს. საკადრო ცვლილება ხდება იმ ფონზე, როდესაც Uber უმძღოლო ავტომობილების კომერციული გამოყენების გაფართოებასა და ამ მიმართულებაში 10 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა
AI ტექნოლოგია13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

სმარტფონების გლობალური მიწოდება 14 წლის ყველაზე დაბალ დონეზეა

ივლისიდან სექტემბრამდე სავაჭრო ქსელებმა მწარმოებლებისგან წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20%-ით ნაკლები სმარტფონი მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს
მაკრო13 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღებას განიხილავს

ევროკომისია განიხილავს, დაწესდეს თუ არა ევროკავშირის მასშტაბით დამატებითი გადასახადი ნავთობისა და გაზის კომპანიებზე, რომლებმაც ენერგორესურსების გაძვირების შედეგად მნიშვნელოვნად მეტი მოგება მიიღეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე