გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Volkswagen-ში სამუშაო პირობების შესახებ მოლაპარაკებები იწყება

ნუცა ტყეშელაშვილი24 ნოემბერი, 20262 წთ კითხვა
Volkswagen-ში სამუშაო პირობების შესახებ მოლაპარაკებები იწყება

Volkswagen-ი სამშაბათს გერმანიაში პროფკავშირებისა და თანამშრომელთა წარმომადგენლებთან შრომითი პირობების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. მოლაპარაკებები საპროტესტო აქციებისა და გაფიცვის საფრთხის ფონზე გაიმართება, რადგან ავტომწარმოებელი სამუშაო ადგილების შემცირებასა და ხარჯების მკვეთრად შეკვეცას გეგმავს.

კომპანიაზე ზეწოლას ჩინელი მწარმოებლებისგან მზარდი კონკურენცია, ყოველწლიურად მილიარდობით ევროს მოცულობის სატარიფო ხარჯები და ტექნოლოგიური ცვლილებები აძლიერებს. მსოფლიოს სიდიდით მეორე ავტომწარმოებელი გლობალური ბიზნესის რესტრუქტურიზაციას ცდილობს, რომლის ფარგლებშიც 100 000 სამუშაო ადგილის გაუქმებაა დაგეგმილი.

რესტრუქტურიზაციის მთავარი სამიზნე Volkswagen-ის გერმანული საწარმოებია. ოთხი ქარხნის დახურვა მომდევნო ათწლეულის დასაწყისში განიხილება. ჯგუფის დაახლოებით 120 000 გერმანელ თანამშრომელს კი აცნობეს, რომ ქვეყანაში წარმოება ზედმეტად ძვირი გახდა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქ ემდენში გაიმართება. სწორედ აქ მდებარეობს ერთ-ერთი ქარხანა, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შეხვედრამდე რამდენიმე ასეული თანამშრომლის საპროტესტო აქციაა მოსალოდნელი. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ IG Metall-ის პროფკავშირის წარმომადგენლები, საწარმოების სამუშაო საბჭოები და Volkswagen-ის მენეჯმენტი.

კომპანიას გერმანელი თანამშრომლებისთვის ხელფასების გაყინვა 2027 და 2028 წლებში სურს, ასევე სხვადასხვა შეღავათის გაუქმებას გეგმავს. Volkswagen პროფკავშირებთან 35-საათიანი სამუშაო კვირის პირობების გადახედვასაც ცდილობს და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისგან იმავე ანაზღაურების სანაცვლოდ უფრო ხანგრძლივად მუშაობას ითხოვს.

Reuters-ის მიერ ნანახი კომპანიის წერილის თანახმად, მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული ხარჯების შემცირების ზომები იმაზე მასშტაბურია, ვიდრე Volkswagen-მა მოლაპარაკებების დაწყებამდე საჯაროდ განაცხადა.

წერილში, რომელიც ხუთშაბათით თარიღდება, მენეჯმენტი გადაწყვეტილების მიზეზებად გაყიდვების შენელებას, ფულადი სახსრების შემცირებასა და ჯგუფის ძირითადი VW ბრენდის დაბალ მოგებიანობას ასახელებს. შეთავაზებებს შორისაა მენეჯერული პერსონალისთვის სპეციალური სახელფასო შეთანხმებების გაუქმება და თანამშრომლებისთვის კომპანიაში მუშაობის 25-ე და 35-ე წლისთავზე გაცემული ბონუსების შეწყვეტა.

Volkswagen ასევე გეგმავს საწარმოებში სამცვლიანი სამუშაო გრაფიკის დროს მოქმედი ანაზღაურებადი 20-წუთიანი შესვენებების გაუქმებას. თანამშრომლებს შესაძლოა ჩამოერთვათ შობისა და ახალი წლის წინა დღეებში არსებული ანაზღაურებადი დასვენების უფლებაც.

გერმანიაში ადგილობრივი საავტომობილო ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის საკითხზე მწვავე დისკუსია მიმდინარეობს. სექტორში გაფიცვები უკვე დაიწყო, Volkswagen-ში კი სამუშაო პროცესის შეჩერება შესაძლოა 2027 წლის 1 იანვრიდან მოხდეს. პროფკავშირები მიიჩნევენ, რომ კომპანიის ახალი რესტრუქტურიზაციის გეგმა 2024 წლის ბოლოს მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებას არღვევს.

აღნიშნული შეთანხმება 35 000 სამუშაო ადგილის გაუქმებას ითვალისწინებდა, სანაცვლოდ კი კომპანია დასაქმებისა და ინვესტიციების გარკვეულ გარანტიებს იძლეოდა.

მას შემდეგ Volkswagen-ის გაყიდვები ჩინეთში, რომელიც წლების განმავლობაში გერმანიაში წარმოების მაღალი ხარჯების დაბალანსებაში ეხმარებოდა, კიდევ უფრო შემცირდა. ამასთან, კომპანიის ძირითადი ბრენდის საოპერაციო მოგების მარჟა მიმდინარე წელს, სავარაუდოდ, 1%-ს არ გადააჭარბებს. შედარებისთვის, 2024 წელს, როდესაც პირველი რესტრუქტურიზაციის შეთანხმება გაფორმდა, ეს მაჩვენებელი 5.9% იყო.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირმა ენერგოეფექტურობით €120 მილიარდი დაზოგა

2022 წლის თებერვლიდან 2026 წლის შუა პერიოდამდე ევროკავშირმა გაზისა და ნავთობის იმპორტზე დაახლოებით 120 მილიარდი ევრო დაზოგა.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

ევროკავშირი და ინდონეზია ტარიფების შემცირებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირმა და ინდონეზიამ ათ წელზე მეტხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
საფონდო24 ნოე. 20261 წთ კითხვა

ConocoPhillips-ი ნორვეგიულ ბიზნესს $4.4 მილიარდად ყიდის

ConocoPhillips ნორვეგიაში ნავთობისა და გაზის ბიზნესს Vår Energi-ს 4.43 მილიარდ დოლარად მიჰყიდის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე