გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Anthropic-ის აქციები ბირჟაზე დებიუტის შემდეგ 14%-ით დაეცა

ნუცა ტყეშელაშვილი20 ნოემბერი, 20264 წთ კითხვა
Anthropic-ის აქციები ბირჟაზე დებიუტის შემდეგ 14%-ით დაეცა

Anthropic-ის აქციები ხუთშაბათს გახსნის ფასთან შედარებით თითქმის 14%-ით დაეცა. კლება მოჰყვა ბირჟაზე დებიუტისას დაფიქსირებულ მკვეთრ ზრდას, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიის საბაზრო ღირებულება 2 ტრილიონ დოლარზე მაღლა აიყვანა. მიუხედავად ვარდნისა, აქციები კვლავ IPO-ს საწყის ფასზე მაღლა ივაჭრება.

ბოლო მონაცემებით, ერთი აქციის ფასი 95.91 დოლარს შეადგენდა, რაც IPO-ს 83-დოლარიან ფასზე 15.5%-ით მეტია. ამ მაჩვენებლით Anthropic-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1.73 ტრილიონ დოლარს აღწევს.

კომპანიამ IPO-ს ფასი ოთხშაბათს, თითო აქციაზე 83 დოლარად განსაზღვრა, რაც თავდაპირველად დაგეგმილ 70-78-დოლარიან დიაპაზონს აღემატებოდა. მაღალი მოთხოვნის გამო Anthropic-მა გასაყიდი აქციების რაოდენობაც გაზარდა - თავდაპირველად დაგეგმილი 825 მილიონი აქციის ნაცვლად, შეთავაზებაში 980 მილიონი აქცია ჩართო.

IPO-ს ფარგლებში კომპანიამ დაახლოებით 81.3 მილიარდი დოლარი მოიზიდა, რაც საფონდო ბაზრის ისტორიაში ყველაზე მსხვილი საჯარო შეთავაზებაა. გარიგება მოიცავდა როგორც ახლად გამოშვებულ აქციებს, ისე არსებული აქციონერების მიერ გაყიდულ წილებს, თუმცა მოზიდული თანხის ძირითადი ნაწილი თავად კომპანიას მოხმარდა.

საჯარო შეთავაზების პარალელურად, Anthropic დამატებით 26 მილიარდი დოლარის მოზიდვას კერძო განთავსების გზითაც გეგმავს, იმავე - 83-დოლარიანი ფასით. შედეგად, ორივე გარიგების ჯამური მოცულობა დაახლოებით 107.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომპანიამ შეთავაზების მნიშვნელოვანი ნაწილი ინდივიდუალური ინვესტორებისთვისაც გამოყო. Anthropic-ის განცხადებით, საცალო ინვესტორებს აქციების 20%-მდე წილის მიღება შეუძლიათ, რაც მათ საშუალებას აძლევს, კომპანიის აქციები ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდეც შეიძინონ.

Strategy Asset Managers-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ტომ ჰულიკის შეფასებით, Anthropic-ის IPO-ს საწყისი წარმატება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ აქციები მიმზიდველი შესყიდვაა მიმდინარე ფასად. მისი თქმით, კომპანიის კერძო ბაზარზე უფრო დაბალ შეფასებასთან შედარებით, საჯარო შეთავაზების ფასი უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჰულიკი ვარაუდობს, რომ ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო შესაძლებლობა შესაძლოა აქციების შესაძლო კორექციის შემდეგ გაჩნდეს, როდესაც კომპანიას საჯარო ფინანსური ანგარიშგების რამდენიმე კვარტალი ექნება გამოქვეყნებული.

ინვესტორები და ანალიტიკოსები Anthropic-ის პერსპექტივას აფასებენ

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Ashton Kutcher-ისა და Guy Oseary-ის თანადაფუძნებულ საინვესტიციო ფონდ Sound Ventures-ს Anthropic-ში წილი აქვს, რომლის ღირებულებაც IPO-ს ფასით 7.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ხუთშაბათის აქციის ფასის გათვალისწინებით, უცვლელი წილის ღირებულება დაახლოებით 8.7 მილიარდ დოლარს მიაღწევდა.

Sound Ventures ასევე OpenAI-ის ინვესტორია. Kutcher-მა ცოტა ხნის წინ ფონდი დატოვა და ახალი საინვესტიციო კომპანიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებში ინვესტირებაზე იქნება ორიენტირებული. მისი განცხადებით, ახალი წამოწყება „AGI-ის შემდგომი სამყაროსთვის“ იქნება განკუთვნილი - ეს ტერმინი გულისხმობს მომავალს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის შესაძლებლობებს გადააჭარბებს. Sound Ventures-ის ხელმძღვანელობას Guy Oseary გააგრძელებს.

Anthropic-ის ბირჟაზე გასვლა ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინვესტორების მაღალი ინტერესის ფონზე მოხდა. ბაზრის მონაწილეები სულ უფრო მეტად აფასებენ გენერაციული AI-ის კომერციულ პოტენციალს და იმ კომპანიების შესაძლებლობებს, რომლებიც მოწინავე მოდელებს ავითარებენ. შესაბამისად, Anthropic-ის საბაზრო დებიუტი ამ სექტორის მიმართ ინვესტორთა განწყობის მნიშვნელოვან გამოცდად მიიჩნევა.

კომპანიის შემოსავალი სწრაფად იზრდება, რადგან ბიზნესი AI ინსტრუმენტებსა და სერვისებზე დანახარჯებს ზრდის. 2026 წლის მესამე კვარტალში Anthropic-ის შემოსავალმა დაახლოებით 16.96 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ოქტომბრისთვის წლიურ ტემპზე გადაანგარიშებული შემოსავალი (Annualized Revenue Run Rate) დაახლოებით 81 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

თუმცა, ზრდას მნიშვნელოვანი ხარჯებიც ახლავს. მოწინავე AI მოდელების შესაქმნელად და ფუნქციონირებისთვის კომპანიას გამოთვლით ინფრასტრუქტურაში, მონაცემთა ცენტრებში და მაღალი წარმადობის ჩიპებზე წვდომაში დიდი ინვესტიციების განხორციელება უწევს. 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში Anthropic-მა გამოთვლით ინფრასტრუქტურაზე თითქმის 14 მილიარდი დოლარი დახარჯა.

უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები აქციების ზრდას პროგნოზირებენ

უოლ-სტრიტის რამდენიმე საინვესტიციო კომპანიამ Anthropic-ის აქციებზე შეფასებების გამოქვეყნება უკვე დაიწყო. ორივე შემთხვევაში რეკომენდაცია „ყიდვაა“ (Buy), რაც კომპანიის პოზიციების, კორპორაციული მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნისა და შემოსავლების ზრდის პოტენციალის დადებით შეფასებას ასახავს.

Melius Research-მა აქციებზე „ყიდვის“ რეკომენდაცია გასცა და სამიზნე ფასი 155 დოლარად განსაზღვრა. ეს IPO-ს ფასზე დაახლოებით 87%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის შეფასებით, Anthropic მოწინავე AI მოდელების ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია და შესაძლოა ისარგებლოს ბაზრით, რომლის პოტენციური მოცულობაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შრომის ჩანაცვლებისა და გაძლიერების პროცესის ფონზე მინიმუმ 40 ტრილიონ დოლარს აღწევს.

Melius Research-მა ყურადღება გაამახვილა გამოთვლითი რესურსების გამოყენების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზეც. მისი შეფასებით, Anthropic თითოეული დახარჯული გამოთვლითი რესურსიდან სულ უფრო მეტ შემოსავალს იღებს. კომპანიის ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა: 2024 წელს ყოველ 1 დოლარ შემოსავალზე მომსახურების ხარჯი დაახლოებით 2 დოლარს შეადგენდა, ახლა კი დაახლოებით 14 ცენტამდეა შემცირებული.

Needham-მა ასევე გასცა „ყიდვის“ რეკომენდაცია და აქციის სამიზნე ფასი 150 დოლარად განსაზღვრა, რაც IPO-ს საწყის ფასთან შედარებით დაახლოებით 81%-იან ზრდას გულისხმობს.

საინვესტიციო კომპანია მიიჩნევს, რომ Anthropic სწრაფად მზარდ AI ბაზარზე წამყვან მოთამაშედ ყალიბდება. მის კონკურენტულ უპირატესობებს ძლიერი ბრენდი, მოწინავე მოდელები და მასშტაბის ეკონომია ქმნის. Needham 2027 წელს კომპანიის შემოსავლის 150%-ზე მეტ ზრდას პროგნოზირებს და მიიჩნევს, რომ საოპერაციო მოგების მარჟამ შესაძლოა 35%-ს გადააჭარბოს, რასაც 90%-ზე მაღალი მთლიანი მოგების მარჟა შეუწყობს ხელს.

Needham-ის შეფასებით, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პოტენციური ბაზარი შესაძლოა 5.6 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს, რადგან კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ AI-ს შრომის პროდუქტიულობის გასაზრდელად და ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისთვის. ანალიტიკოსები Anthropic-ისთვის დამატებით შესაძლებლობას ხედავენ უკვე არსებულ კორპორაციულ კლიენტებში მომსახურების გაფართოებაშიც.

მიუხედავად ოპტიმისტური პროგნოზებისა, ანალიტიკოსები რამდენიმე მნიშვნელოვან რისკზეც მიუთითებენ. მათ შორისაა კონკურენციის გამწვავება, ფასებზე ზეწოლა, გამოთვლით რესურსებზე წვდომა და მოწინავე AI მოდელების განვითარებისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციები.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ანალიზი20 ნოე. 20261 წთ კითხვა

Visa-ს, Mastercard-ისა და JPMorgan-ის მომხმარებელთა მონაცემები გაჟონა

გამოსასყიდის მომთხოვნმა ჰაკერულმა ჯგუფმა ფინანსური კომპანიების მომხმარებელთა ინფორმაცია მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერზე თავდასხმის შედეგად მოიპოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

Tesla ჩინეთში წარმოების ზრდას გეგმავს

ილონ მასკმა შენჟენში ჩინეთის სავაჭრო უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. შანხაის ქარხანამ მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე 810 889 ავტომობილი გამოუშვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
საფონდო19 ნოე. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის კონგრესი Microsoft-ისა და ByteDance-ის გარიგებით დაინტერესდა

ჩინეთის საკითხებზე მომუშავე წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა Microsoft-ს განმარტებების წარდგენა მოსთხოვა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე