Visa-ს, Mastercard-ისა და JPMorgan-ის მომხმარებელთა მონაცემები გაჟონა

Visa-ს, Mastercard-ისა და JPMorgan Chase-ის ათასობით მომხმარებლის მონაცემები ხუთშაბათს გამოსასყიდის მომთხოვნმა ჰაკერულმა ჯგუფმა გაავრცელა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. ინციდენტმა კვლავ გაამწვავა შეშფოთება იმ მესამე მხარის კომპანიების უსაფრთხოების მიმართ, რომლებიც ფინანსური ინსტიტუტებისთვის მომხმარებელთა ინფორმაციას ამუშავებენ.
ფინანსურმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ კიბერშეტევას მათი გადახდის ქსელებისა და მომხმარებელთა მომსახურების შეფერხება არ გამოუწვევია. გამოცემის ინფორმაციით, არცერთ მათგანს არ დაუსახელებია გატეხილი მესამე მხარის კომპანია.
Visa-ს წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მოქმედ მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერს უკავშირდებოდა. კომპანიის განმარტებით, Visa-ს საკუთარი სისტემები თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა და გადახდის მონაცემები, მათ შორის ბარათების ნომრები, არ გაჟონილა.
Mastercard-ის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გამჟღავნდა „შეზღუდული რაოდენობის ინფორმაცია ბარათის მფლობელთა იმ ნაწილის შესახებ, რომლებიც კონკრეტულ შეღავათების პროგრამაში იყვნენ გაწევრიანებული“. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მონაცემების გაჟონვა უკვე შეჩერებულია და ინციდენტს არც გადახდის ქსელის მუშაობაზე და არც ბარათებით სარგებლობაზე უმოქმედია.
JPMorgan Chase-მა განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე ბანკისთვის მომსახურების მიმწოდებელი გარე კომპანიები გახდნენ. ბანკის წარმომადგენლის ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდამსხმელებმა მარკეტინგულ მონაცემებზე მიიღეს წვდომა, რაც შესაძლოა მომხმარებელთა სახელებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართებსაც მოიცავდეს. ბანკის მომსახურება შეფერხებული არ ყოფილა.
The Wall Street Journal-ი კიბერუსაფრთხოების კომპანია SOCRadar-ზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა გამოსასყიდის მომთხოვნმა ჯგუფმა n0n აიღო.
მესამე მხარის პროვაიდერები კიბერუსაფრთხოების სუსტ რგოლად რჩება
ინციდენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მომხმარებელთა მონაცემები შესაძლოა ფინანსური ინსტიტუტების უშუალო სისტემების უსაფრთხოების დარღვევის გარეშეც აღმოჩნდეს საფრთხის ქვეშ. კომპანიები ხშირად იყენებენ გარე მომსახურების პროვაიდერებს მონაცემების დასამუშავებლად და მომხმარებელთა პროგრამების სამართავად, რაც უსაფრთხოების დამატებით რისკებს ქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების განცხადებით, გადახდები და საბანკო მომსახურება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა, მომხმარებელთა სახელებისა და ელფოსტის მისამართების გაჟონვამ შესაძლოა თაღლითობის ახალი შესაძლებლობები შექმნას. კიბერდამნაშავეებს ამ ინფორმაციის გამოყენება შეუძლიათ ბანკების ან საბარათე შეღავათების პროგრამების სახელით გაგზავნილი დამაჯერებელი ფიშინგშეტყობინებების შესაქმნელად.
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





