Deutsche Bank-ის აქციები 6%-ით დაეცა

Deutsche Bank-ის აქციების ფასი სამშაბათს 6%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო მედიასაშუალებათა ჯგუფმა მილიონობით გაჟონილი შიდა დოკუმენტის საფუძველზე ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა. მასალებში გერმანული ბანკის წარსული საქმიანობა, მათ შორის რუსეთში ოპერაციები და სადავო საქმიანობასთან დაკავშირებული კლიენტების მომსახურება განიხილება.
გამოძიება, სახელწოდებით Project Barracuda და Barracuda Media, სამხრეთაფრიკულმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Barracuda Media-მ კოორდინაცია გაუწია. მასში 200-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა, მათ შორის გამოცემებიდან Der Spiegel, ZDF, The New York Times და Financial Times.
Der Spiegel-ის ინფორმაციით, დოკუმენტები აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე Deutsche Bank რუსეთში საქმიანობის გაფართოებას ცდილობდა. მასალებში ასევე აღწერილია მდიდარი კლიენტებისთვის შექმნილი სადავო საგადასახადო დაგეგმვის სქემები.
Financial Times-ის ცნობით, ბანკმა გარდაცვლილ სექსუალურ დამნაშავესთან, ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული 582 მილიონი დოლარის საეჭვო გადახდები დაამუშავა. გამოცემა აშშ-ში 2019 წელს წარდგენილ საეჭვო საქმიანობის ანგარიშებს ეყრდნობა.
გამოძიების კიდევ ერთი ნაწილი 2017 წელს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც Deutsche Bank-მა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო დოკუმენტები შეცდომით გარე პირს გაუგზავნა. Financial Times-ის ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ ბანკის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან ზევინგმაც იცოდა.
Deutsche Bank-მა განაცხადა, რომ გამოძიებაში განხილული საკითხები მრავალი წლის წინანდელ მოვლენებს ეხება, ზოგიერთ შემთხვევაში კი თითქმის ორი ათწლეულის წინანდელს. ბანკის განმარტებით, შესაბამისი საკითხები მაშინვე შეისწავლა და მარეგულირებელ ორგანოებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.
კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ კრისტიან ზევინგის ხელმძღვანელობით ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია გაიარა. 2019-2025 წლებში კონტროლის სისტემების გაუმჯობესებაში 7 მილიარდი ევროს პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. ბანკის განცხადებით, 2025 წელს და ბოლო კვარტლებში რეკორდული მოგება დააფიქსირა, ხოლო ბოლო ექვსი წლის განმავლობაში საკრედიტო რეიტინგი ათჯერ გაუუმჯობესდა.
„დღეს ჩვენ განსხვავებული, უფრო ძლიერი და უსაფრთხო ბანკი ვართ“, - ნათქვამია Deutsche Bank-ის განცხადებაში.
ბანკმა ასევე გააკრიტიკა გაჟონილი დოკუმენტების გამოქვეყნება და აღნიშნა, რომ მასალები შეიცავს კლიენტების, თანამშრომლებისა და მესამე პირების კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მოპოვების მეთოდის მიუხედავად, სამართლებრივად დაცულია. კომპანიის განცხადებით, ის ინფორმაციის დასაცავად შესაბამის ზომებს უკვე მიმართავს და მომავალშიც გააგრძელებს.
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





