ეგვიპტეში $650-მილიონიანი მზის ელექტროსადგური აშენდება

ეგვიპტეში 650 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი მზის ელექტროსადგურის აშენება იგეგმება. პროექტზე ნორვეგიული Scatec და სამი საერთაშორისო განვითარების ბანკი მუშაობენ.
Dandara-ს სახელით ცნობილი სადგური ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქენას პროვინციის ქალაქ ნაგა-ჰამადიში აშენდება.
მზის პანელების საერთო სიმძლავრე 1 გიგავატი იქნება. პროექტში 200 მეგავატსაათის მოცულობის ბატარეებიც შედის, რომლებიც გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვას უზრუნველყოფს.
მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდება. თითოეულ ეტაპზე 500 მეგავატის სიმძლავრის მზის პანელები და 100 მეგავატსაათის ბატარეები დაემატება.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აფრიკის განვითარების ბანკი დააფინანსებენ. პროექტის კომპანიაში წილს ეგვიპტის ეროვნული ბანკიც მიიღებს.
ეგვიპტე განახლებადი ენერგიის პროექტებს აჩქარებს, რათა ბუნებრივი აირის იმპორტზე ხარჯი შეამციროს და ელექტროენერგიის წარმოებაში სხვადასხვა წყაროს წილი გაზარდოს. ქვეყნის მიზანია, 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილი ელექტროენერგიის წარმოებაში 42%-მდე გაიზარდოს.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.






