გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Gucci-მ „Made in China“ წარწერით ახალი სნიკერები გაყიდვაში გამოუშვა

ნუცა ტყეშელაშვილი24 სექტემბერი, 20263 წთ კითხვა
Gucci-მ „Made in China“ წარწერით ახალი სნიკერები გაყიდვაში გამოუშვა

Gucci-მ ახალი ძვირადღირებული სნიკერების გაყიდვა დაიწყო, რომლებსაც „Made in China“ წარწერა აქვს. ეს იტალიურ წარმოებასთან დაკავშირებული ბრენდის ტრადიციიდან გადახვევაა და ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, შესაძლოა Gucci-ის პრემიუმ იმიჯზე გავლენა მოახდინოს.

გადაწყვეტილება აჩვენებს იმ გამოწვევას, რომლის წინაშეც Gucci-ის კრეატიული დირექტორი დემნა დგას — მან ინოვაციური პროდუქციის შექმნა ხარჯების კონტროლთან უნდა დააბალანსოს, რათა ბრენდმა ე.წ. aspirational მომხმარებლები, ანუ ლუქს-საქონლის ძირითადი მყიდველები, კვლავ მოიზიდოს. ეს მომხმარებლები სუპერმდიდარ მომხმარებლებთან შედარებით ფასების მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან.

დემნა ახალ კოლექციას მილანში, პარასკევს გამართულ ჩვენებაზე წარადგენს. მისი საქმიანობის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Gucci-ის მშობელი კომპანიისთვის, Kering-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ლუკა დე მეოსთვის. დე მეომ კომპანიის ხელმძღვანელობა გასულ წელს ჩაიბარა და ჯგუფის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება დაისახა მიზნად, თუმცა აქციების თავდაპირველი ზრდა წელს გაგრძელებული არ ყოფილა.

Kering-ის მთავარი ბრენდის, Gucci-ის გაყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით განახევრდა, რამაც მარჟებზე ზეწოლა გაზარდა და ჯგუფს ათობით მაღაზიის დახურვა აიძულა.

დემნამ, Balenciaga-ში მუშაობის პერიოდის მსგავსად, Gucci-სთვის ფუტურისტული დიზაინის სნიკერი შექმნა, სახელწოდებით Drip. Gucci-ის ვებგვერდის მიხედვით, მოდელს „Made in China“ აწერია. Reuters-მა იგივე წარწერით აღნიშნული Drip-ის სნიკერები პარიზის Gucci-ის მაღაზიაშიც ნახა.

Gucci-ში აცხადებენ, რომ იტალია კომპანიის წარმოების მოდელისა და იდენტობის „ყოველთვის ცენტრალურ ნაწილად დარჩება“. თუმცა, ბრენდის განცხადებით, ჩინურ მწარმოებელთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება კონკრეტული ტექნოლოგიური მოთხოვნებით იყო განპირობებული — მსგავსი მიდგომა კომპანიას შვეიცარიულ და იაპონურ მომწოდებლებთან თანამშრომლობისასაც გამოუყენებია, მათ შორის საათებისა და სათვალეების წარმოებაში.

კომპანიის განცხადებით, შერჩეულ ჩინურ პარტნიორს ჰქონდა ის ტექნოლოგიური ცოდნა და შესაძლებლობები, რომლებიც კონკრეტული პროდუქტის ხარისხისა და ტექნიკური მახასიათებლების მისაღწევად იყო საჭირო. ამასთან, Gucci-ის წარმომადგენლის თქმით, ბრენდს წარმოების უფრო ფართოდ იტალიის ფარგლებს გარეთ გადატანის გეგმა არ აქვს.

Drip, რომელიც Gucci-ის ვებგვერდზე დემნას მიერ ბრენდისთვის შექმნილ პირველ სნიკერად არის აღწერილი, გაყიდვაში გასულ თვეში, Primavera-ს კოლექციის ფარგლებში გამოვიდა. მისი ფასი ევროპაში დაახლოებით €800-ს, ხოლო აშშ-ში $1,000-ს შეადგენს. მოდელი Gucci-ის სხვა ფეხსაცმელებთან შედარებით იაფია, თუმცა კვლავ ლუქს-სეგმენტში რჩება. სნიკერი ნეილონის, ტილოს ან ზამშის მასალისგან მზადდება.

კოლექციის კიდევ ერთი ტყავის, უსამაგრო სნიკერიც „Made in China“ წარწერით იყიდება. Gucci-ის განცხადებით, მისი ჩინეთში წარმოებაც კონკრეტული დიზაინის ტექნიკურ მოთხოვნებს უკავშირდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ყველა სხვა Gucci-ის ფეხსაცმელი, რომელზეც წარმოების ქვეყანა წერია, იტალიაშია დამზადებული.

ჩინეთი სნიკერების წარმოების გლობალური ცენტრია და მისი მწარმოებლები როგორც მასობრივი, ისე პრემიუმ ბრენდებისთვის მუშაობის გამოცდილებით გამოირჩევიან. თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ Gucci-ის შემთხვევაში იტალიური წარმოების ტრადიციიდან გადახვევამ შესაძლოა ბრენდის პოზიციონირებასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინოს.

Berenberg-ის ანალიტიკოსების შეფასებით, წარმოშობის ქვეყანა და ის, თუ როგორ აღიქვამენ მომხმარებლები ბრენდის ლუქს-პოზიციონირებას, ერთმანეთთან გარკვეულ წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს. ამასთან, Kering-ის ორი წყაროს ცნობით, Gucci-მ ჩინეთში, მათ შორის, რამდენიმე პროდუქტზე ფასების შემცირებაც დაიწყო ბაზრის წილის დასაბრუნებლად.

ფასების შემცირება ინვესტორებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და ახლა ისინი ყურადღებით აკვირდებიან Gucci-ის სხვა ნაბიჯებსაც, რომლებმაც შესაძლოა მომხმარებლების მიერ ბრენდის ფასისა და ღირებულების აღქმაზე იმოქმედოს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

ევრო 17 თვის მინიმუმამდე დაეცა საფრანგეთის ვალის კრიზისის ფონზე
მაკრო5 ოქტ. 20262 წთ კითხვა

ევრო 17 თვის მინიმუმამდე დაეცა საფრანგეთის ვალის კრიზისის ფონზე

ევრო აშშ დოლართან მიმართებით 17 თვის მინიმუმამდე დაეცა, რადგან საფრანგეთის სახელმწიფო ვალის კრიზისმა და ევროპის ობლიგაციების ბაზარზე გაზრდილმა ფრაგმენტაციამ ინვესტორებში რისკისგან თავის არიდება გააძლიერა.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Goldman Sachs: ევროპაში გაზის ფასი წლის ბოლოს შესაძლოა €150/MWh-მდე გაიზარდოს
მაკრო5 ოქტ. 20263 წთ კითხვა

Goldman Sachs: ევროპაში გაზის ფასი წლის ბოლოს შესაძლოა €150/MWh-მდე გაიზარდოს

Goldman Sachs-ის შეფასებით, ევროპული გაზის TTF-ის ფასი წლის ბოლოს შესაძლოა €150/MWh-მდე გაიზარდოს, თუ სპარსეთის ყურიდან LNG-ის ექსპორტი მკვეთრად შეზღუდული დარჩება და ზამთარი საშუალოზე ცივი იქნება.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე
Bitcoin $86,000-ზე მაღლა ვაჭრობს - ინვესტორები აშშ-ის დასაქმების მონაცემებსა და ინფლაციის რისკებს აფასებენ
კრიპტო5 ოქტ. 20262 წთ კითხვა

Bitcoin $86,000-ზე მაღლა ვაჭრობს - ინვესტორები აშშ-ის დასაქმების მონაცემებსა და ინფლაციის რისკებს აფასებენ

Bitcoin-ის ფასი $86,000-ზე მაღლა ვაჭრობს, თუმცა $87,000-ის გადალახვასა და შენარჩუნებას ჯერ ვერ ახერხებს. ბაზრის ყურადღება აშშ-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, ინფლაციის რისკებსა და კრიპტოაქტივებში კაპიტალის ნაკადებზეა გადატანილი.

ნუცა ტყეშელაშვილიწაიკითხე