გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
ანალიზი

„საქართველოდან დაწყებული ინიციატივა გლობალურ საგანმანათლებლო პროდუქტად მინდა ვაქციოთ“ - რატი ქირია Study UK Alumni Awards-ის გლობალურ ფინალზე

ნუცა ტყეშელაშვილი11 აგვისტო, 20262 წთ კითხვა
„საქართველოდან დაწყებული ინიციატივა გლობალურ საგანმანათლებლო პროდუქტად მინდა ვაქციოთ“ - რატი ქირია Study UK Alumni Awards-ის გლობალურ ფინალზე

რატი ქირია British Council-ის Study UK Alumni Awards 2026-ის Business and Innovation Award-ის გლობალური ფინალისტია. 120-ზე მეტი ქვეყნიდან მიღებულ განაცხადებს შორის გლობალურ ფინალში მხოლოდ 28 მონაწილე შეირჩა, მათ შორის კი Business and Innovation კატეგორიაში -შვიდი ფინალისტი. ქირია ამ კატეგორიაში საქართველოს წარმოადგენს და ჯილდოს ისტორიაში პირველი ქართველი გლობალური ფინალისტია.

ქირიამ განათლება დიდ ბრიტანეთში, University of Stirling-ში, Investment Analysis-ის სამაგისტრო პროგრამაზე მიიღო. მისი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია ფინანსურ ბაზრებთან, ფინანსურ განათლებასა და საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებასთან. მან დააფუძნა „ტრეიდერების ჰაბი“ - პლატფორმა, რომლის მიზანია ფინანსური განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში. Study UK Alumni Awards-ის გლობალურ ფინალში მოხვედრის მნიშვნელობაზე, საქართველოში ფინანსური განათლების მთავარ გამოწვევებზე, „ტრეიდერების ჰაბის“ შექმნის იდეასა და სამომავლო გეგმებზე რატი ქირია გვესაუბრა.

  1. British Council-ის Study UK Alumni Awards-ის გლობალურ ფინალისტად დასახელება მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. რას ნიშნავს ეს მიღწევა თქვენთვის?

Study UK Alumni Awards-ის გლობალურ ფინალისტად დასახელება ჩემთვის პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ჯილდო აფასებს არა მხოლოდ აკადემიურ წარმატებას, არამედ იმასაც, თუ როგორ იყენებს ადამიანი დიდ ბრიტანეთში მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანაში რეალური ცვლილებების შესაქმნელად. მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყნიდან წარდგენილ კანდიდატებს შორის 28 გლობალურ ფინალისტში, ხოლო Business and Innovation-ის კატეგორიის შვიდეულში მოხვედრა ადასტურებს, რომ საქართველოში ფინანსური განათლებისა და საინვესტიციო ეკოსისტემის განვითარებისთვის განხორციელებულ საქმიანობას საერთაშორისო მნიშვნელობაც აქვს.

ამ შედეგს მხოლოდ პირად მიღწევად არ განვიხილავ. ეს არის მთელი გუნდის, ჩვენი სტუდენტების, პარტნიორებისა და ყველა იმ ადამიანის წარმატება, ვინც „ტრეიდერების ჰაბის“ განვითარებაში მონაწილეობდა.

  1. რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს წარმომადგენლობა ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე?

განსაკუთრებული პატივია, რომ Study UK Alumni Awards-ის ისტორიაში პირველი ქართველი გლობალური ფინალისტი ვარ. ამ სტატუსს სიამაყესთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც ახლავს, რადგან საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოვადგენ არა მხოლოდ საკუთარ საქმიანობას, არამედ საქართველოს შესაძლებლობებსა და მის ინტელექტუალურ პოტენციალს.

მსურს, ამ პლატფორმის საშუალებით მსოფლიოს ვაჩვენო, რომ საქართველოშიც იქმნება ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანია. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ არა მხოლოდ სხვა ქვეყნებში შექმნილი სისტემების მომხმარებლები, არამედ საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციების გლობალურ სივრცეში გამტანებიც.

იმედი მაქვს, ეს შედეგი სხვა ქართველ ახალგაზრდებსაც დაანახებს, რომ საქართველოდან დაწყებული საქმიანობით შესაძლებელია საერთაშორისო აღიარების მოპოვება.

  1. როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა ფინანსური ბაზრების მიმართულებით და რა გამოცდილებამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა თქვენი ხედვის ჩამოყალიბებაზე?

ფინანსური ბაზრებით ჩემი დაინტერესება დაიწყო სურვილით, უკეთ გამეგო, როგორ მოძრაობს კაპიტალი, როგორ ფასდება რისკი და რა გავლენას ახდენს ფინანსური გადაწყვეტილებები ადამიანებზე, ბიზნესებსა და მთლიანად ეკონომიკაზე.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დიდ ბრიტანეთში, University of Stirling-ში Investment Analysis-ის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა. ბრიტანულმა განათლებამ მომცა არა მხოლოდ სიღრმისეული თეორიული ცოდნა, არამედ კვლევაზე, ანალიზსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული აზროვნება.

ასევე მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე Amplify Trading-ის პროგრამაში და ბრიტანეთის უნივერსიტეტების სავაჭრო ჩემპიონატში, სადაც საუკეთესო ათეულში მოვხვდი. შემდგომში მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ, განსაკუთრებით კი 2023 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საერთაშორისო სავაჭრო ჩემპიონატში გამარჯვებამ, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ფინანსურ ბაზრებზე გრძელვადიანი წარმატება ეფუძნება არა შემთხვევითობას, არამედ ცოდნას, დისციპლინას, რისკის მართვასა და ემოციურ სტაბილურობას.

სწორედ განათლებისა და რეალური საბაზრო გამოცდილების გაერთიანებამ ჩამომიყალიბა ხედვა, რომ ფინანსური განათლება მაქსიმალურად პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს.

  1. თქვენ დააფუძნეთ „ტრეიდერების ჰაბი“. რა პრობლემა დაინახეთ ბაზარზე, რომლის გადაჭრაც ამ პლატფორმით გადაწყვიტეთ?

„ტრეიდერების ჰაბის“ შექმნისას მთავარი პრობლემა იყო ქართულ ენაზე ხარისხიანი, სტრუქტურირებული და პრაქტიკაზე დაფუძნებული ფინანსური განათლების ნაკლებობა. ახალგაზრდებს ჰქონდათ ინტერესი ინვესტირებისა და ტრეიდინგის მიმართ, თუმცა ცოდნას ხშირად არაოფიციალური და არასანდო წყაროებიდან იღებდნენ.

ფინანსური ბაზრები ბევრ შემთხვევაში წარმოჩენილი იყო, როგორც სწრაფად გამდიდრების საშუალება, სათანადო ყურადღების გარეშე რჩებოდა რისკის მართვა, საინვესტიციო ანალიზი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეკოსისტემა, რომელიც ადამიანს განათლებიდან პრაქტიკულ გამოცდილებამდე მიიყვანდა.

ამიტომ „ტრეიდერების ჰაბი“ მხოლოდ სასწავლო კურსებით არ შემოიფარგლება — ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებსა და სკოლებთან, ვქმნით სტუდენტების მიერ მართულ საინვესტიციო პროგრამებს, ვატარებთ ფორუმებსა და ჩემპიონატებს და ახალგაზრდებს პროფესიულ საზოგადოებასთან დაკავშირების შესაძლებლობას ვაძლევთ.

ჩვენი მიზანია, ფინანსურ ბაზრებზე დაინტერესება გარდაიქმნას ცოდნად, პასუხისმგებლობად და რეალურ პროფესიულ შესაძლებლობად.

  1. თქვენი აზრით, დღეს რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოში?

ყველაზე დიდი გამოწვევა მხოლოდ ინფორმაციის ნაკლებობა აღარ არის. დღეს ინფორმაცია ძალიან ბევრია, მაგრამ რთულია სანდო და არასანდო წყაროების ერთმანეთისგან გარჩევა.

სოციალური მედიის გავლენით ახალგაზრდებს ხშირად ექმნებათ წარმოდგენა, რომ ტრეიდინგი სწრაფი და მარტივი შემოსავლის მიღების გზაა. შედეგად, ისინი ფინანსურ გადაწყვეტილებებს არასაკმარისი ცოდნითა და მაღალი რისკით იღებენ.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა თეორიასა და პრაქტიკას შორის არსებული დაშორებაა. ადამიანმა შეიძლება იცოდეს ფინანსური ტერმინები, მაგრამ არ შეეძლოს ბიუჯეტის მართვა, საინვესტიციო შესაძლებლობის შეფასება ან საკუთარი რისკის განსაზღვრა.

ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან უნდა იწყებოდეს და მოიცავდეს არა მხოლოდ დაზოგვასა და პირადი ბიუჯეტის მართვას, არამედ კრიტიკულ აზროვნებას, ინვესტირებას, რისკის შეფასებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას.

ჩვენი მიზანიც სწორედ ისეთი სისტემის შექმნაა, რომელიც თეორიულ ცოდნას რეალურ ქცევით ცვლილებად გარდაქმნის. რას უნდა ველოდოთ თქვენგან და „ტრეიდერების ჰაბისგან“ უახლოეს წლებში?

  1. რას უნდა ველოდოთ თქვენგან და „ტრეიდერების ჰაბისგან“ უახლოეს წლებში?

უახლოეს წლებში ჩვენი მთავარი მიზანია „ტრეიდერების ჰაბის“ საქართველოში განვითარებული მოდელის საერთაშორისო მასშტაბზე გატანა.

ვმუშაობთ AI-ზე დაფუძნებულ მრავალენოვან საგანმანათლებლო პლატფორმაზე, რომელიც ფინანსურ განათლებას მომხმარებლის ცოდნის დონესა და მიზნებს მოარგებს. პლატფორმა ეტაპობრივად ხელმისაწვდომი იქნება ქართულ, ინგლისურ და სხვა საერთაშორისო ენებზე.

ასევე ვგეგმავთ უნივერსიტეტებსა და სკოლებში პრაქტიკული საინვესტიციო ლაბორატორიების მოდელის გაფართოებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასა და უცხოურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერებას. ჩვენი გრძელვადიანი ხედვაა, „ტრეიდერების ჰაბი“ ჩამოყალიბდეს ფინანსური განათლებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ეკოსისტემად, რომელიც ადამიანს ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, პროფესიულ კავშირებსა და განვითარების რეალურ შესაძლებლობებს მისცემს.

British Council-ის ეს აღიარება ამ მიზნების განხორციელებისთვის ახალ საერთაშორისო კავშირებსა და შესაძლებლობებს გვიხსნის. მინდა, საქართველოდან დაწყებული ინიციატივა გლობალურ საგანმანათლებლო პროდუქტად ვაქციოთ და, ამავდროულად, ჩვენს ქვეყანაში ფინანსური განათლების ხარისხის ამაღლება განვაგრძოთ.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

Meta-ს, TikTok-სა და სხვა პლატფორმების წინააღმდეგ ათასობით სარჩელის განხილვა გაგრძელდება
განათლება11 აგვ. 20261 წთ კითხვა

Meta-ს, TikTok-სა და სხვა პლატფორმების წინააღმდეგ ათასობით სარჩელის განხილვა გაგრძელდება

Meta-ს, TikTok-ის, Snapchat-ისა და Google-ის წინააღმდეგ შეტანილი ათასობით სარჩელის განხილვა გაგრძელდება. მოსარჩელეების მტკიცებით, სოციალური ქსელების ზოგიერთი ფუნქცია არასრულწლოვნებში დამოკიდებულებას იწვევს.

მარიამ ქადარიანახე
OpenAI-მ ChatGPT Business-ის ახალი ტარიფი წარადგინა
AI ტექნოლოგია11 აგვ. 20261 წთ კითხვა

OpenAI-მ ChatGPT Business-ის ახალი ტარიფი წარადგინა

OpenAI-მ ChatGPT Business-ის მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება დაამატა. კომპანია ბიზნესკლიენტებისთვის მომსახურებას აფართოვებს, პარალელურად კი საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება.

მარიამ ქადარიანახე
Nvidia ხელოვნური ინტელექტისთვის 500 მილიარდი დოლარის დაფინანსებას გეგმავს
AI ტექნოლოგია11 აგვ. 20261 წთ კითხვა

Nvidia ხელოვნური ინტელექტისთვის 500 მილიარდი დოლარის დაფინანსებას გეგმავს

Nvidia რამდენიმე ფინანსურ კომპანიასთან ერთად ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის 500 მილიარდი დოლარის დაფინანსების მოზიდვას გეგმავს.

მარიამ ქადარიანახე