გადადი ძირითად შინაარსზე
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

Rosenblatt-მა Nokia-ს აქციებზე „Buy“ რეიტინგი დააწესა - AI ინფრასტრუქტურა ოპტიკური ქსელების ბიზნესს აძლიერებს

ნუცა ტყეშელაშვილი15 სექტემბერი, 20262 წთ კითხვა
Rosenblatt-მა Nokia-ს აქციებზე „Buy“ რეიტინგი დააწესა - AI ინფრასტრუქტურა ოპტიკური ქსელების ბიზნესს აძლიერებს

Rosenblatt-მა Nokia-ს აქციებზე დაფარვა „Buy“ რეიტინგით დაიწყო და სამიზნე ფასი $15 დაადგინა. საინვესტიციო კომპანია მიიჩნევს, რომ Nokia-ს ოპტიკური ქსელების ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მასშტაბური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ხდება, მაშინ როდესაც კომპანიის აქციები კვლავ ტრადიციული სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებლის შეფასებით ივაჭრება.

Rosenblatt-ის ანალიტიკოსმა მაიკ ჯენოვეზემ განაცხადა, რომ Nokia-ს Network Infrastructure მიმართულება „AI-ის განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად პოზიციონირებულ ოპტიკურ აქტივად“ ყალიბდება. 2026 წლის მეორე კვარტალში კომპანიის Optical Networks-ის შემოსავალი წლიურად 20%-ით გაიზარდა, ხოლო AI & Cloud-ის შემოსავალი გაორმაგდა. AI და Cloud მიმართულების შეკვეთებმა კვარტალში €2.8 მილიარდს მიაღწია, რომლის დაახლოებით ნახევარი მომდევნო 12 თვის განმავლობაში შემოსავლად უნდა გარდაიქმნას.

ჯენოვეზეს შეფასებით, Nokia-მ მნიშვნელოვანი პოზიციები მოიპოვა ე.წ. „scale-across“ ქსელებში — ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ყველაზე რთულად შესაცვლელ ტიპში, რადგან მისი არქიტექტურაში ინტეგრირების შემდეგ სხვა ტექნოლოგიაზე გადასვლა რთულია.

AI ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნის ზრდის დასაკმაყოფილებლად Nokia აშშ-ში ინდიუმ-ფოსფიდის (Indium Phosphide) ლაზერების წარმოების შესაძლებლობებს აფართოებს. კომპანია ინვესტიციებს ახორციელებს სან-ხოსესა და პენსილვანიის საწარმოებში, ასევე არიზონის შტატის ჩენდლერში ახალ კამპუსს ავითარებს NXP-ის შეძენის შედეგად. მიზანი მოწინავე ოპტიკური კომპონენტების მიწოდების უზრუნველყოფაა.

Optical Networks Nokia-ს Network Infrastructure სეგმენტის დაახლოებით 45%-ს და მთლიანად კომპანიის შემოსავლების დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ჯენოვეზეს მიხედვით, Nokia-ს ბოლო 12 თვის Optical Networks-ის გაყიდვები დაახლოებით $4 მილიარდს შეადგენს, რაც კონკურენტი Ciena-ს მაჩვენებლის მსგავსია. ორივე კომპანია მონაცემთა ცენტრებს შორის კავშირის (DCI) და „scale-across“ ქსელების ბაზარზე ლიდერ პოზიციებზე იმყოფება.

Rosenblatt-ის შეფასებით, Optical DCI-ის გლობალური ბაზარი, რომლის მოცულობა ამჟამად დაახლოებით $12 მილიარდია, 2030 წლისთვის შესაძლოა $40-50 მილიარდამდე გაიზარდოს. ეს დაახლოებით 35%-იან საშუალო წლიურ ზრდის ტემპს (CAGR) გულისხმობს.

Nokia-ს პოზიციონირებას AI ინფრასტრუქტურის მიმართულებით კომპანია თავადაც უსვამს ხაზს. ამ კვირაში Nokia AI Infra Summit-სა და Wavelengths Americas 2026-ზე საკუთარ ოპტიკურ ქსელურ გადაწყვეტილებებს წარმოადგენს, მათ შორის 800G ოპტიკურ ტექნოლოგიებს, რომლებიც მონაცემთა ცენტრებსა და ფართო ქსელებს შორის მაღალი გამტარუნარიანობის კავშირის უზრუნველყოფას ემსახურება.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-ით გაიზარდა

აშშ-ის ეკონომიკა მესამე კვარტალში 3.4%-იანი წლიური ტემპით გაიზარდა და ეკონომისტების 3.2%-იან პროგნოზს გადააჭარბა. ეს ბოლო ერთი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

QatarEnergy ამერიკულ LNG-ს 20 წლის განმავლობაში შეიძენს

Woodside Energy-ი QatarEnergy-ს ამერიკაში წარმოებულ თხევად ბუნებრივ აირს 20 წლის განმავლობაში მიაწვდის. შეთანხმებით ყატარული კომპანია სპარსეთის ყურის გარეთ დამატებით წყაროს მიიღებს იმ პერიოდში, როცა ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები შეფერხებულია.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
მაკრო30 ოქტ. 20261 წთ კითხვა

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა, ლაგარდი თანამდებობას თებერვალში დატოვებს

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2.5%-ზე დატოვა. იმავე დღეს კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ECB-ის პრეზიდენტის პოსტს 2027 წლის 7 თებერვალს დატოვებს, ვადის ამოწურვამდე დაახლოებით რვა თვით ადრე.

მარიამ ქადარიაწაიკითხე