ელექტროენერგიის გაძვირება აშშ-ის შუალედური არჩევნების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა

აშშ-ში ელექტროენერგიის გადასახადები 2024 წლის შემდეგ საშუალოდ 10%-ზე მეტად გაიზარდა. ოჰაიოში მატება 20%-ს აჭარბებს, მაღალი ფასები კი მიჩიგანსა და პენსილვანიაშიც მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. მონაცემთა ცენტრების სწრაფი ზრდის ფონზე ელექტროენერგიის ფასი შუალედური არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური საკითხია.
პოლიტიკოსების ნაწილი ტარიფების შეჩერებას, ენერგოკომპანიების მოგებაზე შეზღუდვებსა და მათზე კონტროლის გაძლიერებას ითხოვს. ცხრა შტატში ამომრჩევლები ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების წევრებსაც აირჩევენ.
ენერგოკომპანიებმა წელს მარეგულირებლებს ტარიფების ჯამურად 31 მილიარდი დოლარით გაზრდა მოსთხოვეს. ამავე დროს, სექტორი მომდევნო ხუთ წელიწადში ელექტროგადამცემი ქსელებისა და ახალი ელექტროსადგურების განვითარებაზე თითქმის 1.3 ტრილიონი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
კომპანიები აცხადებენ, რომ ფასებისა და მოგების მკაცრმა შეზღუდვამ შესაძლოა ახალი პროექტებისთვის საჭირო თანხების მოძიება გაართულოს. Fitch-მა ივნისში სექტორის შეფასება გააუარესა და ერთ-ერთ მიზეზად პოლიტიკური ზეწოლა დაასახელა.
არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას მოახდენს როგორც ენერგოკომპანიების გეგმებზე, ისე ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე.
წყარო: Reuters
მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.





