გადადი ძირითად შინაარსზე
GAUS Crypto — ოფიციალური კრიპტო სერვისი თბილისში
Traders' Hub
ბლოგზე დაბრუნება
საფონდო

JPMorgan-მა Meta-ს რეიტინგი „Overweight“-მდე გაზარდა — ბანკი AI აგენტებში ზრდის ახალ შესაძლებლობას ხედავს

ნუცა ტყეშელაშვილი14 სექტემბერი, 20262 წთ კითხვა
JPMorgan-მა Meta-ს რეიტინგი „Overweight“-მდე გაზარდა — ბანკი AI აგენტებში ზრდის ახალ შესაძლებლობას ხედავს

JPMorgan-მა Meta Platforms-ის აქციების რეიტინგი „Neutral“-დან „Overweight“-მდე გაზარდა და სამიზნე ფასი $640-დან $820-მდე აამაღლა. ბანკის შეფასებით, კომპანიის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელებსა და AI აგენტებზე ფოკუსირება ზრდის ახალ შესაძლებლობას ქმნის, რომელიც Meta-ს რეკლამაზე დამოკიდებული ბიზნესის ფარგლებს გასცდება.

JPMorgan-ის ანალიტიკოსი დაგ ანმუთი მიიჩნევს, რომ Meta-ს სუპერინტელექტის ლაბორატორიამ დაახლოებით ერთ წელიწადში AI მოდელების განვითარების მოწინავე დონეზე გადასვლის მიზანს პრაქტიკულად მიაღწია. მისი თქმით, მოდელების გამოშვების ტემპი დაჩქარდა და პროცესის ბოლო მნიშვნელოვანი ეტაპი Muse Spark 1.3 გახდა, რომელიც, ანმუთის შეფასებით, Claude-ისა და GPT-ის მოდელებს კონკურენციას უწევს.

ანალიტიკოსი ასევე ელოდება ახალი მოდელის, სახელწოდებით Watermelon-ის, გამოშვებას. მისი პროგნოზით, მოდელმა შესაძლოა დამატებითი შესაძლებლობები შექმნას სამომხმარებლო პროდუქტებში, მომხმარებლების ჩართულობაში, რეკლამასა და კომპანიის შიდა ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.

Meta-ს Muse AI აგენტმა კი უკვე პირველივე დღეებში ძლიერი შედეგი აჩვენა. აპლიკაციამ აშშ-ის App Store-ის რეიტინგში გამოშვებიდან მეორე დღეს მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ადრეული გამოყენების მაჩვენებელი შიდა სატესტო ჯგუფებთან შედარებით დაახლოებით 10-ჯერ მაღალი იყო.

ანმუთის თქმით, Muse-ის მონეტიზაცია მოკლევადიან პერიოდში კომპანიის მთავარი პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომავალში მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს. მათ შორის განიხილება საკომისიოები და გამოწერები, ხოლო AI აგენტების პოტენციური ბაზრის მოცულობას ანალიტიკოსი ათობით ტრილიონ დოლარად აფასებს.

ამასთან, JPMorgan მიიჩნევს, რომ Meta-ს ძირითადი სარეკლამო ბიზნესის ზრდის პოტენციალიც ჯერ ამოწურული არ არის. ანმუთის შეფასებით, AI-ის გამოყენებით რეკლამის უკეთესი მიზნობრიობა, კონტენტის შექმნა და რეკომენდაციების გაუმჯობესება კომპანიას დამატებით ზრდის შესაძლებლობას მისცემს.

AI მიმართულების სწრაფი განვითარება, თუმცა, Meta-ს კაპიტალურ დანახარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. ანმუთი პროგნოზირებს, რომ კომპანიის კაპიტალური ხარჯები 2027 წელს $243 მილიარდს, ხოლო 2028 წელს $284 მილიარდს მიაღწევს — ორივე მაჩვენებელი ბაზრის კონსენსუსზე მაღალია.

JPMorgan-ის ახალი სამიზნე ფასი Meta-ს 2028 წლის პროგნოზირებული მოგების ერთ აქციაზე $35.44-ის 23-გზის შეფასებას ეფუძნება. ანმუთის თქმით, ეს შეფასება შესაძლოა საბოლოოდ ზედმეტად კონსერვატიულიც კი აღმოჩნდეს, თუ კომპანიის ახალი AI პროდუქტები მოსალოდნელზე სწრაფად დაიწყებს შემოსავლის გენერირებას.

Meta-ს აქციები ბოლო მინიმუმიდან დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით თითქმის უცვლელია, მაშინ როდესაც S&P 500 დაახლოებით 12%-ით არის მომატებული. სწორედ ეს სხვაობა აძლიერებს JPMorgan-ის მოსაზრებას, რომ Meta-ს აქციებს დამატებითი ზრდის პოტენციალი ჯერ კიდევ აქვს.

ჟურნალი შენს ელფოსტაში

მიიღე ჩვენი უახლესი საბაზრო ანალიზი და ფინანსური მიმოხილვები პირდაპირ ელფოსტაზე. სპამის გარეშე — მხოლოდ მნიშვნელოვანი.

მსგავსი სტატიები

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

S&P Global ბიზნესის ნაწილის ცალკე კომპანიად გამოყოფას განიხილავს

S&P Global განიხილავს, Capital IQ და მასთან დაკავშირებული მონაცემთა სერვისები ცალკე კომპანიად გამოყოს. ეს მიმართულებები ამჟამად კომპანიის Market Intelligence ბიზნესში შედის.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის
საფონდო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

Applied Materials Besi-ში წილს 20%-მდე ზრდის

ამერიკული Applied Materials ნიდერლანდურ BE Semiconductor Industries-ში (Besi) საკუთარ წილს დაახლოებით 20%-მდე გაზრდის. ორივე კომპანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიებზე მუშაობს და წლებია თანამშრომლობს.

მარიამ ქადარიაწაიკითხე
OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს
მაკრო28 ოქტ. 20261 წთ კითხვა

OPEC+ დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების შეცვლას არ გეგმავს

OPEC+-ის წამყვანი ქვეყნები დეკემბრისთვის ნავთობის მოპოვების კვოტების უცვლელად დატოვებას განიხილავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას დაგეგმილ ონლაინშეხვედრაზე მიიღებენ.

მარიამ ქადარიაწაიკითხე